სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადებას ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი საპროტესტო აქციით გამოეხმაურა.
”მისი ცინიკური განცხადების მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების გარდაცვალების მიზეზი ასაკობრივი ფაქტორია. რეალურად კი ძალიან რთულია, საპატიმროში ასაკობრივი მიზეზით გარდაცვლილი იპოვოთ. ყველაზე ხშირად პატიმრები 25-45 წლის ასაკში იხოცებიან და ჩვენ ვეჭვობთ – გარდაცვალების მიზეზი ხშირი ფიზიკური ხელყოფაა. მინისტრმა თავის რეფორმებს წარმატებული უწოდა და რატომღაა დახურული ჩვენთვის ეს სისტემა? შეუშვან მონოტორინგისთვის ჟურნალისტები, რომ ვნახოთ, რა ხდება რეალურად”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
„ვეთანხმები ჟურნალისტთა მოთხოვნას – შეუშვან ციხეებში რეალური ვითარების სანახავად. მდგომარეობა საპატიმროებში ძალიან მძიმეა, ხდება პატიმრების უფლებების ყველა სახის ხელყოფა” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
აქციის მონაწილეებმა დღესვე შესაბამისი მიმართვები გაუგზავნეს ევროპის საბჭოს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ევროკავშირის ელჩს, აშშ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს.
განცხადებას ხელს აწერენ ჟურნალისტები: შალვა რამიშვილი (”რადიო პალიტრა”), იმედა დარსალია (სტუდია ”GNS”), შორენა კოწოწაშვილი (”ახალი თაობა”), ირმა ინაშვილი (მედია კავშირი ”ობიექტივი”), თამუნა კაციტაძე (”24 საათი”), ია ანთაძე-ჟურნალისტი, ზვიად ქორიძე-ჟურნალისტი, ელისო ჩაფიძე (”რეზონანსი”), ნინო ზურიაშვილი (სტუდია ”მონიტორი”), ლიკა ალელიშვილი (”მაესტრო”), ნინო მიქიაშვილი (”presage.tv”), გია იაკობაშვილი “presa.ge.tv”, ელგა ფოლიდაშვილი (”ასავალ-დასავალი”).