სამართალი

ყველაზე პრობლემური საკითხი ადამიანის უფლებების კუთხით

7 თებერვალი, 2011 • • 2573
ყველაზე პრობლემური საკითხი ადამიანის უფლებების კუთხით

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი’’ 2010 წლის ყველაზე პრობლემურ საკითხად დაავადებულ პატიმართა მდგომარეობას  ასახელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამის შესახებ ,,2010 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ’’ გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეს.

“კონსტიტუციის 42–ე მუხლის’’ გამგეობის თავმჯდომარის თამუნა გაბისონიას თქმით, საპატიმროებში არსებული მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება დაავადებულ პატიმართა ადეკვატური მკურნალობის საკითხი.

ამ კუთხით 2010 წელს ორგანიზაციას 5 საჩივარი აქვს შეტანილი ადამიანის უფლებათა ეროპულ სასამართლოში. აქედან 2 შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრები გაათავისუფლეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე, ხოლო 3 შემთხვევაში ისინი გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ადეკვატური მკურნალობის კურსს გადიან.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ წინა წელს მრავლად დაფიქსირდა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა. გაბისონია აცხადებს, რომ მოსამართლეებს ხშირად დაუსაბუთებელი და ე.წ. ,,შაბლონური გადაწყვეტილებები’’ გამოაქვთ.

“ჩვენი პოზიციით, როდესაც მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება საქართველოს სახელით, აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, ყველა შუამდგოლობა და მხოლოდ სრულყოფილი და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა იყოს განაჩენი გამოტანილი’’, – ამბობს გაბისონია.

ორგანიზაციის იურისტი განმარტავს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მოსამართლე იურისტის შუამდგომლობას – საქმის განხილვისას გათვალისწინებული იქნას ევროპული სასამართლოს პრეცენდენტი, მოსამართლე არ აკმაყოფილებს.

“კონსტიტუციის 42–ე მუხლს’’ ამ დროისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 20 სტრატეგიული საქმე აქვს. ასევე, ევროპულ სასამართლოში ორგანიზაცია იცავს(70 საქმე) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებებს. ასევე ორგანიზაციას აქვს 20 სტრატეგიული საქმე ქვეყნის შიგნით, მათ შორისაა გამოსახლებული დევნილების რამდენიმე ოჯახი.

“კონსტიტუციის 42–ე მუხლს’’ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართოში 7 საქმე აქვს მოგებული. იურისტები ამბობენ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი საკმაოდ მძიმეა.

“საქართველო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებას სრულად ანაზღაურებს, თუმცა ევროპული სასამართლოს სხვა ვალდებულებების (ქვეყანამ შეცვალოს ან გააუმჯობესოს სასამართლო პრაქტიკა) შესრულების კუთხით შედეგის მიღწევა რთულია”.

დღეს გაიმართა ორგანიზაციის განახლებული ვებ–გვერდის პრეზენტაციაც. ვებ–გვერდზე იმუშავებს ბლოგი, სადაც ნებისმიერ იურისტს და ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ჟურნალისტს საშუალება ექნება, თავისი სტატია გამოაქვეყნოს.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” წლიურ ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ბოლო ათ წელზე მეტია პერიოდულად აქვეყნებს. ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და ორგანიზაციის წლური საქმიანობის შეფასებას მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი