სამართალი

ჯოკია ბოდოკიას განცხადებით, პროკურატურა მისგან მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას თხოვდა

15 იანვარი, 2016 • 1826
ჯოკია ბოდოკიას განცხადებით, პროკურატურა მისგან მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას თხოვდა

ქრთამის აღებაში ბრალდებული თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ამბობს, რომ პროკურატურა მისგან თბილისის ყოფილი ვიცემერის, ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ითხოვდა.

ჯოკია ბოდოკიამ სასამართლოზე დაასახელა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილის, გიორგი გოგაძის გვარები. მისივე თქმით, მასთან ეს ინფრორმაცია ადვოკატს შეჰქონდა.

“როცა მე ზედაპირულად გავეცანი საქმის ვითარებას და რომ იმ ბრალთან, რომლის წაყენებასაც მიპირებდნენ, ჩემს ქმედებებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მან მითხრა, რომ ეს იციან, მაგრამ სხვა ინტერესი აქვთო. რა თქმა უნდა, იცოდნენ, მაგრამ წინა დღეს, 10–ში ჰქონდათ ახალი ვიდეოჩანაწერი და ხედავდნენ, რომ ის თანხა მიდიოდა მათთვის არასასურველი მიმართულებით, 60 ათასო დოლარი არქიტექტურულ ფირმაში. მათ სულ სხვა ინტერესი აქვთო.

ხელი უნდა დამედო ბატონი ალექსანდრე მარგიშვილისთვის, რომ მე მისი მითითებით ვმოქმედებდი ვითომ, რაზეც იმ წუთას ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო. ანუ, მთხოვდნენ ჩემგან არარსებულ საქმეზე ცრუმოწმეობას სრულიად უდანაშაულო პირის წინააღმდეგ. ჩემთან შემოდის ადვოკატი და შემოაქვს განცხადება პროკურატურის სახელზე, სადაც დაცვის მხარე ითხოვდა საპროცესო გარიგებას წელიწადნახევარი პატიმრობით და 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდის პირობით. მოვაწერეთ ხელი, გვეგონა, რომ მიზანი მიღწეული იყო როგორც იმ მხარისთვის, და მეც დავთმე იმიტომ, რომ ვხვდებოდი, თუ რა ძალის წინააღმდეგ მიწევდა მარტო ბრძოლა.

მაგრამ მოდის ახალი პირობა რამდენიმე დღეში, ვციტირებ ადვოკატის სიტყვებს: ეს საქმე ვერ ვითარდება ისე, როგორც ზემოთ უნდათ და რამე სხვა რამ ხომ არ ვიცი მარგიშვილის შესახებ, ამ შეთითხნილი საქმის გარდა. ინფორმაციას ითხოვდნენ და მე საერთოდ არ გამომაჩენდნენ. რაზეც მიიღო ჩემგან პასუხი, რომ მარგიშვილს წესიერად არც კი ვიცნობდი და რომც მცნობებოდა, პროკურატურის არანაირ ბინძურ, უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდი და არაფერი ვიცოდი მარგიშვილის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ. გამომშვიდობებამდე ვკითხე, თუ ვისგან მოდიოდა ეს დანაბარები და მან  დამისახელა მთავარი პროკურორის მიადგილეები: შოთაძე და გოგაძე. მე ვუთხარი, რომ რაღაც უნდოდათ მარგიშვილისგან, მიზანი ხომ მიღწეული იყო, რაზეც მან მიპასუხა, რომ ის ითხოვდა მის დაჭერას. ვინ ის, შუშის სასახლიდან კაცი-მეთქი, როცა ვკითხე, მან ხმამაღალი საუბრით სცადა ჩემი ხმის გადაფარვა და მითხრა, რომ კედლებს აქაც ყურები აქვთო,”– განაცხადას ჯოკია ბოდოკიამ სასამართლო პროცესზე.

ჯოკია ბოდოკიას საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოდოკიასთვის პროკურატურას არაფერი შეუთავაზებია.

ალექსანდრე მარგიშვილმა თბილისის ვიცემერის პოსტი 2015 წლის თებერვალში დატოვა. იგი დავით ნარმანიამ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელად გადაიყვანა. მარგიშვილი თბილისის მერიამდე კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

რაც შეეხება თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს, ჯოკია ბოდოკიას, იგი დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით 2015 წლის 11 თებერვალს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი