სამართალი

სასამართლო ISIS–თან სავარაუდო კავშირის გამო დაკავებულების საქმეს იხილავს

13 იანვარი, 2016 • 1452
სასამართლო ISIS–თან სავარაუდო კავშირის გამო დაკავებულების საქმეს იხილავს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა  დეკემბერში  ISIS–თან სავარაუდო კავშირის გამო დაკავებულების საქმეზე.

პროკურატურამ სასამართლოს საგამოძიებო ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა, რის გამოც სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების ვადაზე.

სასამართლო სხდომა დახურულია, რადგანაც საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წლის 1 დეკემბერს განაცხადა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” სავარაუდო კავშირში მყოფი 4 ადამიანი დააკავეს.  სუსმა მაშინ განაცხადა, რომ დაკავებულების სახლებიდან ამოიღეს ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო ვაზნები და  “ისლამური სახელმწიფოს” დროშები.

დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო ფლობას გულისხმობს. დეკემბერში პროკურატურამ კითხვაზე, თუ რატომ არა აქვთ დაკავებულებს ბრალი წარდგენილი ტერორიზმის მუხლით, განაცხადა, რომ  “გრიფით საიდუმლოა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი