სამართალი

საზღვაო მეკობრეობა ციფრებში

18 იანვარი, 2011 • 3583
საზღვაო მეკობრეობა ციფრებში

ყოველწლიურად საზღვაო მეკობრეობა მსოფლიო ეკონომიკას 7–12 მილიონი აშშ დოლარი უჯდება. ამ თანხის 95% ინდოეთის ოკეანის აკვატორიიდან იმ გემების ტრანსპორტირებაზე მოდის, რომლებსაც სომალელი მეკობრეები აკავებენ.

ლონდონელი მკვლევარების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2006 წლიდან დაფიქსირებულია 1600 თავდასხმა სომალელი მეკობრეების მხრიდან, რის შედეგადაც 54 ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო მასშტაბით, საზღვაო მეკობრეების მიერ დაკავებული გემების 92% წელს სწორედ სომალელი მეკობრეების ანგარიშზეა – ამ მონაცემებს საერთაშორისო საზღვაო ბიურო აქვეყნებს.

2010 წლის მანძილზე სომალელი მეკობრეები  49 ხომალდს დაესხნენ თავს, 1010 ადამიანი დაატყვევეს და 8 მეზღვაური მოკლეს.  ამ დრომდე მათ ტყვეობაშია 28 ხომალდი და 638 მძევალი.

მათ შორისაა 16 ქართველი მეზღვაური, აქედან 15 – სომალელი მეკობრეების ტყვეობაში გასული წლის 8 სექტემბრიდან იმყოფება. მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი MV OLIB G, რომელზეც 15 ქართველი მეზღვაური იყო დასაქმებული, სომალელმა მეკობრეებმა ადენის ყურის სანაპიროსთან დააკავეს. გემი, რომელიც ჯართად უნდა ჩაებარებინათ, ალექსანდრიიდან ინდოეთის მიმართულებით ახორციელებდა მარშრუტს.

ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად სომალელმა მეკობრეებმა თავდაპირველად 15 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვეს გამოსასყიდის სახით, მოგვიანებით კი 1 მილიონ დოლარამდე დაწიეს გამოსასყიდის თანხა, თუმცა გემის მეპატრონეებმა მხოლოდ 350 ათასი დოლარის გადახდაზე გამოთქვეს მზადყოფნა.

კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში გასული წლის 11 ნოემბრიდან მოექცა, როდესაც მეკობრეები პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს “ჰანიბალ 2″–ს დაესხნენ თავს.

2010 წელს მსოფლიოში მეკობრეების მიერ 445 თავდასხმა განხორციელდა ხომალდებზე, რაც 10 %-ით მეტია 2009 წელთან შედარებით. ასევე, გაიზრდა დატყვევებული მეზღვაურების რიცხვიც: 2006 წელს -188 მეზღვაური აიყვანეს მეკობრეებმა მძევლად, 2009 წელს -1050 და 2010 წელს კი – 1181.

საერთაშორისო საზღვაო ბიურის ანგარიშში ნათქვამია, რომ კარგად შეიარაღებული მეკობრეები თავს ესხმიან თევზსაჭერ ხომალდებს და შემდეგ მათ იყენებენ თავიანთი ბანდიტური სამალავებისთვის.

ლონდონელი მკვლევარების მიერ მომზადებულ ანგარიშში  საუბარია გამოსასყიდის, სადაზღვევო ანაზღაურების, გემების მარშრუტების ცვლილების, დაცვის სისტემის ღირებულების, აღმოსავლეთ აფრიკაში საკვები პროდუქტების გაძვირების საკითხებზე.

„ზოგიერთი ხარჯი ასტრონომიულად იზრდება“ – აღნიშნა ერთ–ერთმა მკვლევარმა ანნა ბოუდენმა – „და ასეთ დროს უფრო მეტად ყურადღება ექცევა მაკობრეობის სიმპტომების და არა ძირითადი მიზეზების გაჯანსაღებას“.

 მთლიანობაში, ბოუდენის შეფასებით, მეკობრეობის ფასი 2005 წელთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, რუსეთმა, იაპონიამ და აშშ–მ გააძლიერეს პატრულირება თავიანთ ტერიტორიულ წყლებში, მეკობრეებთან ბრძოლის მიზნით, მათი თავდასხმები ჯერ კიდევ გრძელდება, განსაკუთრებით, ნიგერიის სანაპიროსთან და გვინეის არხთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი