სამართალი

მჭედლიშვილი: პრეზიდენტთან კომუნიკაცია ჩემს გადაწყვეტილებებზე არასოდეს მქონია

25 დეკემბერი, 2015 • 1163
მჭედლიშვილი: პრეზიდენტთან კომუნიკაცია ჩემს გადაწყვეტილებებზე არასოდეს მქონია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი ამბობს, რომ მას პრეზიდენტთან კომუნიკაცია მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია.

“ჩემს გადაწყეტილებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. მე ვიყავი დამოუკიდებელი და ჩემი დამოუკიდებლობა უნდა უნდა ყოფილიყო აღქმული. ეს გზა, ეს ნაბიჯი, იყო სწორედ ამ ჩემი დამოუკიდებლობის, საზოგადოებას რომ აღექვა ეს დამოუკიდებლობა, ამისთვის გადადგმული. პრეზიდენტთან კომუნიკაცია ჩემს გადაწყვეტილებებზე არასოდეს არ მქონია და არც არასოდეს არ მექნება,”-ამბობს მჭედლიშვილი, საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი.

ეს განცხადება მჭედლიშვილმა 25 დეკემბერს ლევან მურუსიძის პასუხად გააკეთა. სააპელაციო სასამართლოს ახლად არჩეულმა მოსამართლემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი მარგველაშვილის მოთხოვნებს ასრულებს. მურუსიძე მათ მოუწოდებს, რომ სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ:

“პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ დანიშნულმა წევრმა მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. მინდა გავიაზროთ ყველამ, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება წევრის წარდგენა პრეზიდენტის მიერ და ასევე არჩევა პარლამენტის მიერ, ამ დღიდან, ისინი აღარ არიან უკვე იმათ დაქვემდებარებაში, ვის მიერაც მოხდა მათი წარდგენა. ისინი არიან სასამართლო ხელისუფლების ნაწილი და კანონი ავალდებულებთ მათ, მოიქცნენ არა ისე, როგორც ამას მოითხოვს მისი წარმდგენი ან მისი ამომრჩეველი, არამედ უნდა მოიქცნენ სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე. ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკა არ შემოვიდეს სასამართლო სისტემაში,”- განაცხადა მურუსიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი