სამართალი

პეტიცია და აქცია ლევან მურუსიძის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ

25 დეკემბერი, 2015 • 1521
პეტიცია და აქცია ლევან მურუსიძის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ

25 დეკემბერს, 10:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა გაიმართება, მათ შორის, კენჭს უყრიან ლევან მურუსიძის კანიდატურასაც. პარალელურად, მურუსიძის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნის გასაპროტესტებლად საბჭოსთან აქცია დაიგეგმა.

გარდა ამისა, პაატა ბურჭულაძის განვითარების ფონდმა 24 დეკემბერს ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის საწინააღმდეგო პეტიცია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ დაუჭერს მხარს “უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას”.

“სანდრო გირგვლიანის საქმე იყო და რჩება საზოგადოების ღირსების საქმედ. ჩვენი ქვეყნის საზოგადოება არ იმსახურებს რეპუტაციაშელახულ მოსამართლეებს,”- წერია პეტიციაში. გამოქვეყნებულ პეტიციაში აღნიშნულია, რომ მას ხელს აწერენ გია ხუხაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ლაშა ბუღაძე, ელდარ შენგელაია, სოსო ბარათაშვილი და სხვები.

რაც შეეხება დაგეგმილ საპროტესტო აქციას, ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დაანონსა. გარდა ამისა, ლევან მურუსიძის სავარაუდო არჩევას გააპროტესტებენ “ახალი მემარჯვენეებიც”.

პატივცემულო ადვოკატებო! გაიზიარეთ აუცილებლად! კოლეგებო! ვისაც გული შეგტკივათ სამართლიან სასამართლოზე გელოდებით, ხვალ…

Posted by Zaza Khatiashvili on Thursday, December 24, 2015

მთლიანად მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს აფასებს უარყოფითად “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”. კოალიცია აცხადებს, რომ მოქმედი სისტემა ხარვეზიანია და მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,  შეაჩეროს ეს პროცესი.

ლევან მურუსიძეს,  როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

იმისათვის, რომ 25 დეკემბერს ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნოს, საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა არის  საჭირო. იგი ამბობს, რომ მოსამართლე წევრების მხარდაჭერაში დარწმუნებულია. საბჭოში 8 მოსამართლე წევრია, მათ შორის, ერთ-ერთი არის თავად მურუსიძეც, რომელიც აცხადებს, რომ იმ პოზიციაზე, რომლის დაკავებაც სურს, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, ლევან მურუსიძემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობისთვის საბჭოს კიდევ 3 წევრის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი