სამართალი

“პოლიციამ კანონის მოთხოვნები უხეშად დაარღვია”

6 იანვარი, 2011 • 1158
“პოლიციამ კანონის მოთხოვნები უხეშად დაარღვია”

„2011 წლის 3 იანვარს პოლიციამ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით დაშალა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის ვეტერანთა საპროტესტო აქცია“, –ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში– „ აღნიშნული ფაქტი  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში გამართლებული იქნა კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით, ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილეთა საქმის განხილვისას სასამართლომ არ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, როგორებიცაა: ტელეკომპანია ,,კავკასიისა” და ინტერნეტ ტელევიზია www.palitratv.ge-ს ვიდეომასალები და მოწმეთა ჩვენებები“.

განცხადება დღეს ხელმომწერებმა თბილისის მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპეციის უფროსს ვასილ სანოძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს გაუგზავნეს.

განცხადების ხელმომწერები სამართალდამცავებს წინასწარი გამოძიების დაწყებას თხოვენ.

განცხადებას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გარდა, ხელს აწერენ –ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველო“, “მრავალეროვანი საქართველო“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“,  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და სხვა ორგანიზაციები, ასევე ჟურნალი „ლიბერალი“ და მედია კლუბი.

3 იანვარს ვეტერანების აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში აშშ–ს ელჩმა ჯონ ბასმაც გააკეთა. 5 იანვარს, სივილ ჯორჯიას ცნობით, მან განაცხადა:  “მე შეწუხებული ვარ პოლიციის მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ამ სახის ძალადობას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი