სამართალი

რა აღიარეს რუსთავი2–მა და იმედმა

20 დეკემბერი, 2010 • • 1071
რა აღიარეს რუსთავი2–მა და იმედმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სტუდია მონიტორის საჩივარი რუსთავი2–ისა და იმედის წინააღმდეგ განიხილა.

მონიტორის საჩივარი ეროვნულ კომისიაში 26 ოქტომბერს შევიდა. საჩივრის შეტანის საფუძველი ტელეკომპანიების მიერ „მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევა გახდა, კერძოდ, რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების დარღვევა. მონიტორი მარეგულირებელი კომისიისგან ტელევიზიების მიმართ კანონის მიხედვით არსებული სანქციების გამოყენებას მოითხოვს.

კერძოდ, სტუდია ,,მონიტორი“ რუსთავი 2–ს საბავშვო გადაცემებში კანონის მიხედვით დადგენილი სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობის დარღვევაში, სარეკლამო რგოლში ტელეკომპანიის ჟურნალისტის მონაწილეობასა და ,,ბიზნეს კურიერში“ როგორც საინფორმაციო გადაცემაში, ხანგრძლივი სარეკლამო ჭრების გაკეთებაში ადანაშაულებს.

 ტელეკომპანია იმედს საინფორმაცია გამოშვება ,,ქრონიკაში“ ხანგრძლივი სარეკლამო ჭრის გაკეთბასა და 29 აგვისტოს მხატვრულ ფილმ ,,მანანაში“, ნაცვლად ერთი სარეკლამო ჭრისა, სამი სარეკლამო ჭრის გაკეთებისთვის.

ტელეკომპანია რუსთავი 2–მა ,,ბიზნეს კურიერში“ დარღვევები არ აღიარა, რადგან ტელეკომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს გადაცემა საინფორმაციო სახის გადაცემა არ არის. მისი თქმით, ნინო შუბლაძე, რომელიც სამშობიარო ჩაჩავას რეკლამაში მონაწილეობს, ჟურნალისტის სტატუსით დიდი ხანია აღარ მუშაობს. 

რუსთავი2–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დარღვევას სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობის თაობაზე აღიარებს. ქრონიკის სარეკლამო ჭრების გადამეტებულ ხანგრძლივობას აღიარებს ტელეკომპანია იმედიც.

სხდომაზე სამივე მხარემ დოკუმენტები წარმოადგინა.

მარეგულირებელმა კომისიამ დღეს მხოლოდ ზეპირი მოსმენა აწარმოა. საბოლოო დასკვნა 24 დეკემბერს, 14 :00 საათზე, წარმოადგენს.

სტუდია ,,მონიტორი“ მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მარეგულირებელ კომისიაში კვლავ აპირებს,  შეიტანოს საჩივარი, ახალი მტკიცებულებებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი