სამართალი

აკურას ღვინის ქარხნის საქმეზე ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

3 დეკემბერი, 2015 • 1437
აკურას ღვინის ქარხნის საქმეზე ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამავე, აკურას ღვინის ქარხნის იძულებით ჩამორთმევის საქმეში წარმოდგენილი მეორე ბრალდებულის, უშიშროების ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს ჩანიშნა.

ზურაბ ადეიშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით 2004 წელს ჩადენილი სისტემური დანაშაულისთვის, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა იმჟამინდელი სამართალდამცავი ორგანოები და ეროვნული ბანკი, რის შედეგადაც დაზარალებულებს, თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა.

საქმეზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აწარმოებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი