სამართალი

არის თუ არა საპროცესო შეთანხმება სამართლიანი მართლმსაჯულება

15 დეკემბერი, 2010 • 2086
არის თუ არა საპროცესო შეთანხმება სამართლიანი მართლმსაჯულება

პროკურორის წამყვანი და მოსამართლის მეორეხარისხოვანი როლი, ჯარიმის თანხების გაუმჭვირვალობა და დაზარალებულის ახალი მდგომარეობა საპროცესო კოდექსში – ეს არის იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, საქართველოს კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმების სისტემას ახასიათებენ.

დღეს ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო  და საინიციატივო ჯგუფმა  წარმოადგინეს ანაგრიში საქართველოს სისხლის სამართლის სფეროს ორ პრობლემურ საკითხზე. ესენია:  „საპროცესო შეთანხმება საქართველოში“ და „წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სამართლის ანალიზი.“

ანგარიშის მიხედვით, საპროცესო შეთანხმების სისტემის დაკვირვების შემდეგ რამდენიმე პრობლემა გამოვლინდა, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. პირველ რიგში, ეს არის სასამართლო სისტემის ღიაობა და საჯაროობა. ანგარიშში წერია, რომ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით სასამართლოებისგან ხშირად ისეთ პრობლემებს აწყდებოდნენ, რაც წესით არ უნდა არსებობდეს. ასევე, გაურკვეველია იმ თანხების ზუსტი რაოდენობა, რაც საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ გადასახდელად დაეკისრათ მსჯავრდებულებს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ თანხამ 2009 წელს 61 მილიონ ლარს გადააჭარბა. სხვა წლების შესახებ, ინფორმაციის მოპოვების სირთულის გამო, შეუძლებელია ზუსტი სტატისტიკის დაანგარიშება.

2004-2005 წლებში საპროცესო შეთანხმებით და სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტებით დაკისრებული ჯარიმები საქართველოს ბიუჯეტის ნაცვლად პოლიციისა და ჯარის სასარგებლოდ დახურულ ფონდებში ირიცხებოდა. 2006 წლიდან თანხა ხაზინაში შედის, თუმცა, სპეციალური კოდის არარსებობის გამო, შეუძებელია ზუსტად იმის დათვლა,  ამ გზით ბიუჯეტში რა თანხა შედის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს  მიაჩნია, რომ უფრო მკაფიოდ და ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს მსჯავრდებულისთვის ჯარიმის დაკისრების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების წესი. ანგარიშში წერია, რომ ხშირად ერთსა და იმავე საქმეზე მსჯავრდებულებს თანაბრად არ შეუძლიათ ჯარიმის გადახდა. შედეგად, საქმეში მონაწილეთაგან შეიძლება ერთმა ფულის სანაცვლოდ პატიმრობას დააღწიოს თავი, მერემ კი, თანხის არქონის გამო, ეს ვერ შეძლოს.  

 ანგარიშის ავტორებს მიანიათ, რომ საპროცესო შეთანხმების სისტემაში უფრო მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული გამოძიებასთან რა ტიპის თანამშრომლობის გამო აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას მსჯავრდებულები. წესების ბუნდოვანება და პროკურორის თითქმის შეუზღუდავი უფლებები პროკურორს აძლევს საშუალებას, საკუთარი სურვილის მიხედვით წარმართოს საპროცესო შეთანხმება. წინა წლებისგან განსხვავებით, მოსამართლეს ამ შემთხვევაში უფლებები შეზღუდული აქვს. მას არ შეუძლია, რომ განსასჯელს საპროცესო შეთანხმებისას პროკურორის მიერ შეთავაზებულ სასჯელზე ნაკლები დააკისროს. ის ან უნდა დაეთანხმოს პროკურატურის შემოთავაზებას, ან – არა.

„მას (პროკურორს) რეალურად, საკუთარი სურვილისა და სარგებლისამებრ შეუძლია გადაწყვიტოს, რა შემთხვევაში დადოს საპროცესო შეთანხმება და რა სახის თანამშრომლობა მოითხოვოს და მიიღოს ამის სანაცვლოდ,“-წერია ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ საპროცესო შეთანხმებას გააჩნია ბევრი უპირატესობა, რაც სასამართლო სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს: საქმის არსებითი განხილვის გარეშე მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარებით იზოგება სასამართლო წარმოების თანხები; დრო (სასამართლოებს გაცილებით პრობლემური საკითხების განსახილველად უფრო თავისუფალი დრო აქვთ); საპროცესო შეთანხმება, ასევე, ხელს უწყობს იმას, რომ ისედაც გადატვირთული საპატიმროები პატიმრებით უფრო არ გადაიტვირთოს და ა.შ.

საპროცესო შეთანხმების პრაქტიკა ქართულ სასამართლოში ვარდების რევოლუციის  შემდეგ დაინერგა.  „ამ ვითარებაში (რევოლუციის შემდეგ)  ხელისუფლების ერთ–ერთი პირველი ნაბიჯი შევარდნაძის ხელისუფლების ჩინოვნიკების და მისი შიდა წრის საჯარო შევიწროვება იყო. მათ ტელეკამერების თანდასწრებით აკავებდნენ და კორუფციასა და სახელმწიფო სახსრების მიტაცებაში ადანაშაულებდნენ. თუმცა ეს ადამიანები, უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე არ წარმდგარან და არც ოფიციალური სასჯელი მოუხდიათ. სახელმწიფო მათ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას აიძულებდა, რაც რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევაში მილიონობით დოლარს შეადგენდა და სანაცვლოდ სხვაგვარი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა,“ – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ეს პროცესი 2003 წლის დეკემბრიდან დაიწყო.  2004 წლის 13 თებერვალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებაც შევიდა.

ანგარიშის ავტორების თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლო სისტემაში ცვლილებები იმ დროს შევიდა, როცა მოსახლეობის ნდობა სასამართლოსადმი ძალიან დაბალი იყო. თუმცა, ამ მხრივ, მდგომარეობა რადიკალურად არც წლების შემდეგ შეცვლილა. ანგარიშში ვკითხულობთ: „ქართული სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივ აზრზე კიდევ უფრო ფართო წარმოდგენის შექმნა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ „კავკასიის ბარომეტრის“ მეშვეობით შეგვიძლია. 2009 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოს საქართველოს მოსახლეობის 24.5% ენდობა და 27.4% – არ ენდობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხულთა 32.6%–ს სასამართლოზე ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს და აცხადებს, რომ „არც ენდობა და არც – არ ენდობა“ მას. სასამართლოს მიმართ ნდობისათვის მნიშვნელოვანია სასამართლოს სამართლიანობის ნდობა და ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა. მოსახლეობის 54.4% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოს სასამართლოები მოსახლეობის ნაწილს სამართლიანად ექცევა, ხოლო ნაწილს – უსამართლოდ“ და მხოლოდ 12.1% იზიარებს აზრს, რომ „საქართველოს სასამართლოები ყველას სამართლიანად ექცევა და არავის ანიჭებს უპირატესობას“. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეთა 33.9%–ის აზრით, სასამართლოები მთავრობის მხრიდან ზეწოლას განიცდიან და მოქალაქეთა მხოლოდ 27.8%–ის აზრით, ისინი პოლიტიკურად დამოუკიდებელნი არიან. აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მოქალაქეთა მესამედს – 33.9%, ამ საკითხზე ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. ვერც ეს ჩაითვლება სასამართლო სისტემის ნდობის მაღალ მაჩვენებლად.“

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2004 წლის რედაქციით საპროცესო შეთანხმების დადების საფუძველი იყო ბრალდებულის თანხმობა, ეთანამშრომლა ბრალდების მხარესთან, ეღიარებინა დანაშაული და გამოძიებისათვის მიეწოდებინა უტყუარი ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები მძიმე დანაშაულის ან თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რაც ამ დანაშაულის გახსნას ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში პროკურორს უფლება ჰქონდა, ეშუამდგომლა სასამართლოსთან საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

დროთა განმავლობაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება უფრო და უფრო გამარტივდა, რაც, აღნიშნული  ანგარიშის ავტორების აზრით, მართლმსაჯულების სისწრაფის თვალსაზრისით წარმატებული ნაბიჯია. მათ, ასევე, მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება სამართლიანი მართლმსაჯულების განსახორციელებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამართლადამცავ ორგანოებს 2006 წელს „ნულოვანი ტოლერანტობისკენ“ მოუწოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს  ანგარიშის მიხედვით, ამის შედეგად სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 2005 წლის მონაცემთან (7 358) შედარებით 2006 წელს თითქმის გაორმაგდა (13 602). 2009 წელს კი სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამ 15 592-ს მიაღწია.  2010 წლის ზაფხულის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში სასჯელს 22 628 ადამიანი იხდიდა.

Image 2745
Image 2745

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ყოველ 100 000 ადამიანზე 514 მსჯავრდებული მოდის და მსჯავრდებულთა წილის სიდიდის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა,“ – წერია ანგარიშში.   

საქართველოში ამჟამად 281 მოსამართლე მუშაობს. შესაბამისად, საქართველოს 15 ათას მოქალაქეზე ერთი მოსამართლე მოდის, რაც ესტონეთის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საპროცესო შეთანხმებით მოგვარებული საქმეების წილი  ყოველწლიურად იზრდება. უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2005 წელს საპროცესო შეთანხმებით 932 საქმეზე იქნა გამოტანილი განაჩენი, 2006 წელს – 3791–ზე, 2007 წელს – 8432–ზე, 2008 წელს – 9207–ზე, 2009 წელს კი – 9073 საქმეზე.

წლიდან წლამდე სასამართლო სულ უფრო ცოტა საქმეს უბრუნებს პროკურატურას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმით. ასეთი საქმეების წილი 0.2%-ს არ აღემატება. მაგალითად, სასამართლომ 2009 წელს 9073 საქმიდან მხოლოდ 17 საქმეზე არ გააფორმა საპროცესო შეთანხმება.    

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში მიაჩნიათ, რომ საპროცესო შეთანხმებების ასეთი მზარდი რაოდენობა სასამართლოსადმი ნდობის არარსებობაზე მიუთითებს.

„თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკას გადავხედავთ, ქართულ სასამართლო სისტემაში გამართლების შანსი 2007 წლიდან უცვლელად 0,1%–ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეთა 99.99%–ში სასამართლო ბრალდებულებს დამნაშავედ ცნობს,“ -ვკითხულობთ  ანგარიშში.

მაგალითად, 2009 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულად 18 637 პირი წარსდგა. სასამართლომ მხოლოდ 18 მათგანი გაამართლა. დანარჩენებს კი სხვადასხვა ტიპის სასჯელი შეუფარდეს.

ანგარიშის ავტორების დაკვირვებით, საქართველოში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მუშაობის საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა და საზოგადოებისათვის არც ზოგადი ინფორმაციაა ადვილად ხელმისაწვდომი.

„ვერც სააპელაციო და საქალაქო სასამართლოდან და ვერც არქივის საშუალებით შევძელით მიგვეღო 2004-2005 წლების გადაწყვეტილებები საპროცესო შეთანხმების შესახებ. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ჯერ კიდევ მკვიდრდებოდა და ამ დროის საქმეებიც ყველაზე მეტ კითხვას იწვევს საზოგადოებაში,“ – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი