სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უვადო მოსამართლეობა სურს? – უფლებადამცველების პროტესტი

2 დეკემბერი, 2015 • 2202
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უვადო მოსამართლეობა სურს? – უფლებადამცველების პროტესტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, რომლითაც ქვეყნის პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს, ხელისუფლება აპირებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშნოს ლევან მურუსიძე, რომელიც ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

“პარლამენტის მიერ არჩეული “ქართული ოცნების” წევრები აპირებენ ხმა მისცენ ლევან მურუსიძეს, სამოქალაქო საზოგადოების მტერს. წარმოგიდგენიათ, როგორ გათავხედდა ხელისუფლება? პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრები- ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თოდრია თუ არ დაუჭერენ მხარს ლევან მურუსიძეს, რომელსაც უკვე გაუკეთებია განაცხადი სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის თაობაზე, მას არ დაამტიცებენ. მურუსიძის სახლში გაშვებით, რომელსაც ვადა ეწურება, დაისვენებს სამოქალაქო საზოგადოება და სასამართლო ხელისუფლება გათავისუფლდება სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებისგან”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. იგი მიმართავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომ გამჭვირვალე გახადოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა.

ლევან მურუსიძე 2005 წლიდანაა დანიშნული მოსამართლედ და 10-წლიანი მუშობის ვადა სწორედ წელს ეწურება. 2013 წლის 16 ივნისს იგი აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

ლევან მურუსიძე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც, როგორც ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 2007 წელს სასჯელები შეუმცირდათ.

მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი იუსტიციის საბჭოს მიერ გამოცხადებულია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არსებულ მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსანტების შესახებ მონაცემები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვებ-გვერდზე. ამ ინფორმაციის მიხედვით, ლევან მურუსიძე მართლაც არის იმ კონკურსანტებს შორის, რომელიც იბრძოლებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობისთვის.

კანონის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლისა და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საბჭოს იმ წევრს, რომელმაც 1 თვის ვადაში უნდა შეაფასოს მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში. ამასთანავე, სამივე მონიტორინგი საბჭოს სხვადასხვა წევრმა უნდა განახორციელოს. ყოველი მონიტორინგის ანგარიში გადაეცემა იმ მოსამართლეს, რომლის საქმიანობაც შეფასდა მოცემული მონიტორინგით, და დალუქული სახით დაერთვება მის პირად საქმეს. ზემოაღნიშნული ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე 1 თვის განმავლობაში შესასწავლად გადაეცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 3 წლიანი ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის თანახმად, კონკურსის პირველ ეტაპზე ხდება კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს გასაუბრებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაკომპლექტების პროცესს დღეს განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

“საქართველოს სახალხო დამცველმა, მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრების წინარე ეტაპზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავისი საპარლამენტო ანგარიშებიდან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ პერიოდულად წარდგენილი რეკომენდაციებიდან – ცალკეული მოსამართლეების საქმიანობის შესახებ, ერთად თავმოყრილი და შეჯამებული ინფორმაცია წარუდგინა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ წლების განმავლობაში წარდგენილი რეკომენდაციები და ანგარიშები საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება”, – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცესში მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელეს სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მათ შორისაა საია, საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველო, EMC, OSGF, IDFI, ადამიანის უფლებათა ცენტრი და კონსტიტუციის 42-ე მუხლი. მათ მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზრუნველყოს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით მიმდინარე კონკურსის ღიაობა და დაინტერესებული პირების დასწრება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე.

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის მიზნით მიმდინარე პროცესი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესის საგანია, ვინაიდან კონკურსი გამოცხადებულია რამდენიმე ათეულ ვაკანტურ ადგილზე და ქვეყანაში მოქმედებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის სისტემა. ამდენად, საზოგადოების მაღალი დაინტერესება ლეგიტიმურია და საზოგადოების წევრებს აქვთ უფლება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ყოველ ეტაპზე ჰქონდეთ სრული ინფორმაცია კანდიდატებისა და საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებების შესახებ.

საქართველოში საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ უაღრესად დაბალია. არაერთი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები. თუმცა ამ მოსამართლეთა ნაწილს კვლავ აქვს სურვილი, გააგრძელოს სამოსამართლო კარიერა სისტემაში. ამ პირობებში განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების თუ გადაყვანის მიზნით განხორციელებული პროცედურები და მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნა გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელი და არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე არაერთხელ გამხდარა სერიოზული კრიტიკის საგანი”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

არასამთავრობოები მიმართავენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

– გამოაქვეყნოს მიმდინარე კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ბიოგრაფია, თანახმად ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა, რომელიც თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას აცხადებს ღია საჯარო ინფორმაციად;

– მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს კანონით დადგენილი წესით, გასაუბრების ჩატარებამდე სულ მცირე 7 დღით ადრე;

– მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღია სხდომაზე, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად;

– მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების სხდომები გაიხსნას მედიის მიერ გადაღებისთვის;

– მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ინტერესთა კონფლიქტი. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, როგორც კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატი, კონკურსის ყველა ეტაპზე ჩამოცილებულ იქნას მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ საკითხების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს;

– მოსამართლეების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე იმსჯელოს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებაში კონკრეტული მოსამართლეების შესახებ მითითებულ ინფორმაციაზე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 2 დეკემბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხვალიდან, ანუ 3 დეკემბრიდან იწყება მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება. სხვალ, დილის 10:00 საათიდან გასაუბრებაზე 12 კანდიდატია დაბარებული, მათი უმრავლესობა მოქმედი ან ყოფილი მოსამართლეა:

1. ჯავახიშვილი მაია 2. კაპანაძე მანუჩარ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე) 3. ბაღათურია აბელ (2002-2003 წლებში იყო მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლე) 4. კუპატაძე რომან 5. გოცირიძე კობა (მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში); 6. კეკენაძე დავით (2006 წლიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლ) 7. ყიფიანი ივანე (საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე) 8. ადეიშვილი ირაკლი (თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე) 9. ეცადაშვილი თინათინი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე) 10. ოქროპირაშვილი მალხაზ (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე) 11. ჩუბინიძე მალხაზ (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე) 12. კოპალიანი ჯემალ (თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე).

მასალების გადაბეჭდვის წესი