სამართალი

თავისუფალი დემოკრატები ნაფიცი მსაჯულების წინააღმდეგ

17 ნოემბერი, 2010 • 1878
თავისუფალი დემოკრატები ნაფიცი მსაჯულების წინააღმდეგ

თავისუფალი დემკრატები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, ქართული კანონმდებლობა სტარასბურგის სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა კლასიკურ მოდელს ეხება, რომელიც საქართველოში 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თეა წულუკიანის თქმით, 2010 წლის 16 ნოემბერს სტარსბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, საქმეში ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ, გამოიტანა პრეცედენტული მნიშვნელობის საბოლოო გადაწყვეტილება და არსებითად დაადასტურა 2009 წლის იანვარში პირველი ინსტანციის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მან მიიჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა კლასიკური მოდელი არაერთ ნაკლოვანებას შეიცავს და არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი ისეთი პროცედურული გარანტიებით უნდა იყოს დაცული, რომ მსჯავრდებულისა და საზოგადოებისთვის გასაგები იყოს გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძვლები და ის ფაქტი, თუ რომელი მტკიცებულებების საფუძველზე მივიდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოცემულ დასკვნამდე პირის ბრალეულობის შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ, აგრეთვე, დაადგინა, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი არსებითად უნდა საჩივრდებოდეს.

თავისუფალი დემოკრატები საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 262–ე, 265–ე, 266–ე და 292–ე მუხლების აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას მოითხოვენ.

“ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265–ე მუხლის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა დაუსაბთებელი ვერდიქტის საფუძველზე, პროფესიონალ მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც, ასევე, არ საბუთდება. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიონალი მოსამართლის მიერ ნაფიცი მსაჯულებისათვის დასმული ორი ალტერნატიული შეკითხვა – “არის დამნაშავე”, თუ “არ არის დამნაშავე” –  ისედაც ზოგადი და არაფრისმთქმელია.

დაუსაბუთებელი ვერდიქტი, მითუმეტეს, ვერ უზრუნველყოფს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია. 266-ე და 292–ე მუხლების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსაბუთებელი ვერდიქტის არსებითად გასაჩივრება სააპელაციო წესით დაუშვებელია. სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადგინა ტაქსკეს საქმეში, რომ ეს არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს,”- ნათქვამია პრეს–რელიზში, რომელიც დღეს თავისუფალმა დემოკრატებმა გაავრცელეს.

“ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ისეთი ფორმით, როგორიც ეს ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა საქართველოში, მოძველებულია ევროპულ ქვეყნებში და უმოკლეს ვადაში გასწორებას საჭიროებს, რათა ისედაც რეგულარულად გამრუდებული მართლმსაჯულება საქართველოში კიდევ მეტად არ დაზიანდეს. ტაქსკეს საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პირველი ინსტანციის პალატამ 2009 წლის იანვარში მიიღო, იმავე წლის ივნისში კი ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა დიდ პალატაში. მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ძალაში შეიყვანა ისეთი კოდექსი, რომელც ამოქმედებიდან თვენახევარში უკვე სერიოზულ გადახედვას საჭიროებს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკთხთა კომიტეტი ნაფიც მსაჯულთა  შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს. კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, აღნიშნული საქმე ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ შეეხებოდა ნაფიც მსაჯულთა ბელგიურ და არა ქრთულ მოდელს.

“პირველი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ის არის, რომ სტრასბურგის სასამართლო არ მსჯელობდა ქართულ მოდელთან დაკავშირებით და მეორე – სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცნობ ამ გადაწყვეტილებას და როდესაც ვნახავ, შემდეგ შემიძლია ვიმსჯელო ქათულ მოდელთან კავშირზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დავა იყო ბელგიის კანონმდებლობასთან  და ბელგიურ მოდელთან დაკავშირებით, რომელშიც ახლა მოხდა ცვლილებები და ეს მოდელი  ბრიტანულს დაუახლოვდა, რომელიც, ასევე, ქართულ მოდელს დაედო საფუძვლად. 

ნაფიც მსაჯულთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებებზე საუბარი ჯერ არ არის. საბედნიეროდ, მძიმე დანაშაული არ მომხდარა ამ ინსიტუტის ამოქმედების შემდეგ,  შესაბამიდსად, ნაფიც მსაჯულთა ეს ფუნქცია ჯერ არ გამოცდილა, თუმცა, ბუნებრივია, რომ  ამ ეტაპზე რაიმე ცვლილებებზე ვერ ვისაუბრებთ,” – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში

საქართვლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.   განსაკუთრებით მძიმე დანაშულებზე გადაწყვეტილება სასამართლოში შემთხვეითობის პრინციპით შერჩეულმა მოქალაქეებმა უნდა მიიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი