ქართველ ქალებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის არ ფლობს ინფორმაციას მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალების შესახებ, რომლებსაც უცხოური მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. 

რამდენიმე უცხოური მედია საშუალება დღეს ქართველი ქალების მალაიზიაში დაკავების ფაქტზე წერს. ნათქვამია, რომ ორი ქართველი ქალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავეს. მალაიზიაში ნარკოტიკებით ვაჭრობა სიკვდილით ისჯება.

ორივე მათგანი ცალ–ცალკე დააკავეს. უცხოური მედიის ცნობით, ერთი მათგანი 26 წლისაა, ხოლო მეორე – 37–ის. ისინი ორშაბათს, მალაიზიაში ჩასვლის დღეს, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება ორივე შემთხვევაში სურათების ხის ჩარჩოებში იპოვეს.

26 წლის ქალი  სასტუმროს ოთახში დააკავეს. როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული სასტუმროს ოთახში  5,5 კგ. მეტამფიტამინი (ნარკოტიკული საშუალება 738 ათასი დოლარის ღირებულების) იქნა აღმოჩენილი.

მეორე ქართველი ქალი, 37 წლის ასაკის, აეროპორტში დააკავეს. მას 5 კგ. მეტამფიტამინი აღმოუჩინეს სურათის ჩარჩოში.

საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, აბდულ რაჰიმ დოლმატი ამბობს, რომ ეჭვის შეტანის მიზეზი თავად ჩარჩოები იყო, რომლებიც, მისივე თქმით, ჩვეულებრივზე მძიმე აღმოჩნდნენ.

აბდულ რაჰიმ დოლმატი ამბობს, რომ  დაკავებისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერერები ყველაზე მასშტაბურია ბოლო პერიოდის მანძილზე. მისი ეჭვით, ორივე დაკავებული ქალი  მსოფლიო ნარკოტიკული ტრანზიტის ნაწილია.

მალაიზიაში ნარკოტიკებით ვაჭრობა სიკვდილით ისჯება.  ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაციის მიმოხილვაში , მსოფლიო მასშტაბით ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სიკვდილის დასჯის შესახებ, რომელიც 2010 წლით არის დათარიღებული, ის სტატისტიკაა მოცემული, რომელიც კონკრეტულად მალაიზიას ეხება.

სიკვდილით დასჯის კანონის ამოქმედებიდან (1975 ) – 2005 წლამდე, ოფიციალური სტატისტიკით, ნარკოტიკებით მოვაჭრე 229 ადამიანი დასაჯეს.

ამნესტი ინტერნეიშენალის 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, მალაიზიაში 22 ადამიანია სიკვდილით დასჯილი, 2009 წელს ეს რიცხვი 50–მდე გაიზარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის არ ფლობს არანაირ ინფორმაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე