მოსამართლე მაია ბაქრაძემ საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა მოიგო.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქართველომ მოსამართლის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.
მოსამართლის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.
რაზე დავობდა მოსამართლე სტრასბურგში?
მაია ბაქრაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანების – „მოსამართლეთა ერთობის“ დამფუძნებელი წევრია, რომელიც სასამართლოში ამტკიცებდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შემდეგ უარი ეთქვა მოსამართლედ ხელახალ დანიშვნაზე.
იუსტიციის საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, წლებია მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი აკონტროლებს, რომელიც “კლანურობის” პრინციპით, ლოიალობის ნიშნით ცდილობს მოსამართლეების დანიშვნას სხვადასხვა ინსტანციაში. თავად “კლანად” მოხსენიებული მოსამართლეები უარყოფენ ასეთ კავშირს და არასამთავრობოებს სასამართლოს წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ. ამ ე.წ. “კლანის” ლიდერებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
“2013 წელს სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად შექმნილი „მოსამართლეთა ერთობა“ და მისი წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებში ხშირად საუბრობდნენ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე და აკრიტიკებდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს.
მოსარჩელის მითითებით, სწორედ „მოსამართლეთა ერთობის“ წევრობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კრიტიკული განცხადებები გახდა 2015-2016 წლებში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მის ხელახლა დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული კი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10, მე-11 მუხლებთან კავშირში მე-14 მუხლის დარღვევას. ალტერნატიულად, განმცხადებელი უთითებს, რომ ის გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ საჯარო სამსახურზე წვდომის უფლებასთან მიმართებით (კონვენციის მე-12 პროტოკოლის პირველი მუხლი)”, – აცხადებდნენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში ბაქრაძის სარჩელთან დაკავშირებით.
ცენტრის განცხადებით, მოსარჩელის არგუმენტებს ამყარებს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში მასთან ჩატარებული გასაუბრების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების ნაცვლად, დაინტერესებული იყვნენ „მოსამართლეთა ერთობის“ საქმიანობითა და მაია ბაქრაძის შეხედულებებით საბჭოს მიმართ.
“ამასთან, 2013-2016 წლებში ჩატარებული მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის შედეგების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ იმ ყოფილ მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა, რომელსაც უარი ეთქვა ხელმეორედ დანიშვნაზე, იყვნენ „მოსამართლეთა ერთობის“ წევრები. მაია ბაქრაძის საქმე ერთ-ერთი მაგალითია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსხვავებული აზრის დევნისა და მოსამართლეთა დანიშვნის კუთხით მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებებისა, რომელზეც წლებია მიუთითებენ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები.
აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო ნათლად წარმოჩნდა 2019 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე. ამიტომ მაია ბაქრაძის საქმის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სტრუქტურული პრობლემების ფონზე” ,- აცხადებდნენ იმ ორგანიზაციაში, რომელიც მაია ბაქარაძის ინტერესებს იცავდა.
სტრასბურგის სასამართლოს ფეისბუკზე გამოეხმაურა სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დიდი დარტყმაა “კლანური მმართველობისთვის”.
“თავის დროზე, სასამართლოში მოქმედმა კლანმა სწორედ იმის გამო არ გადანიშნა მაია ბაქრაძე მოსამართლედ, რომ ის იყო კრიტიკული და არ ექვემდებარებოდა კონიუნქტურას. რეალურად, ეს გადაწყვეტილება უდიდესი რეპუტაციული დარტყმაა კლანური სასამართლოსთვის და მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარე დანიშვნა/დაწინაურებების პროცესისთვის. ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს მაიას პრინციპულობა და ბოლომდე ბრძოლა”, – აცხადებს იმნაძე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქართულმა მხარემ მაია ბაქრაძეს 4500 ევრო უნდა გადაუხადოს.








