საზოგადოებასამართალი

„ამერიკის ხმა“: აშშ-მა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა, დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს

20 სექტემბერი, 2024 •
„ამერიკის ხმა“: აშშ-მა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა, დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა და მათ დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს, იუწყება „ამერიკის ხმა“ თავის წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, – ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

„აშშ-ის მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ კიდევ ერთი წყარო.

მას  “არგუმენტად მოჰყავს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა და საერთაშორისო კორუფცია, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთის ფედერაციისთვის“, – ამბობს გამოცემის წყარო, რომელიც ამერიკის მთავრობის შიგნით მიმდინარე დისკუსიის შესახებ ინფორმირებულია და იცნობს შემუშავებულ პაკეტს.

„ჯერ უცნობია,  როდის იქნება [პაკეტი] ამოქმედებული. მაგრამ ამისთვის საჭირო სამუშაო შესრულებულია“, – განაცხადა ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ „ამერიკის ხმასთან“, იმის მითითებით, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება დემოკრატიულ კურსს.  არც ის და არც სხვა წყაროები არ აკონკრეტებენ, საერთოდ თუ მოხდება, ან კონკრეტულად როდის მოხდება სანქციების დაწესება.

„სიახლე ის არის, რომ ადრე ეს უბრალოდ განიხილებოდა, ხოლო ახლა არის პაკეტი, რომელიც მზად არის განსახორციელებლად”, – ასე პასუხობს მაღალი თანამბობის პირი შეკითხვას, თუ რამდენადაა სიახლე ის, რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით მუშაობს. წყაროს ინფორმაციით, სანქციების პაკეტი შესაძლოა ასევე შეეხოს ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებს, თუმცა თავს იკავებს დეტალების გამჟღავნებაზე.

სანქციების სამართლებრივი საფუძველი

„ამერიკის“ ხმის წყაროების თანახმად, სანქციების ბაზისია 14024-ე აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ის სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.

განკარგულებით, სანქციები წესდება შემდეგ პირებზე:

  • პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში ან დეზინფორმაციულ კამპანიებში.
  • ისინი, ვინც ჩართული არიან აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში.
  • ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა.
  • პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციას ან აგრესიას უკრაინაში.
  • ყველა, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კორუფციასა და რეპრესიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი