სამართალი

აბაშიძის ბრალეულობა სააპელაციო პალატამაც დაადასტურა

15 ოქტომბერი, 2010 •
აბაშიძის ბრალეულობა სააპელაციო პალატამაც დაადასტურა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის განაჩენი, რომლითაც აჭარის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს, სხვადასხვა დანაშაულისთვის, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სასარგებლოდ, 98 229 530 ლარის გადახდა დაეკისრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აბაშიძის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ გაასაჩივრა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

ასლან აბაშიძეს, სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე, თითქმის 100 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა; 15-წლიანი პატიმრობა კი მას სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მიესაჯა, რომლებიც სახელმწიფო ბრალმდებლების, აჭარის პროკურატურის წარმომადგენლების მტკიცებით, სწორედ ასლან აბაშიძემ ჩაიდინა. პროკურატურამ აბაშიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენა, კერძოდ, აჭარის ყოფილ მეთაურს გამოძიება ედავებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სახელმწიფო ქონების გატაცება-გაფლანგვას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

“სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მსჯავრდებულ ასლან აბაშიძის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხულ მსჯავრს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით,” – ასე განმარტავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საკუთარ გადაწყვეტილებას სამოტივაციო ნაწილში.

სასამართლო საქმეში აღწერილია ყველა ის დანაშაული, რაც გამოძიების მტკიცებით, ასლან აბაშიძემ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.

აბაშიძე სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე 1991 წელს დაინიშნა, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აბაშიძე ხუთი წლის შემდეგ, 1996 წლის 3 ოქტომბერს აირჩიეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე კი – 2001 წლის 4 ნოემბერს და 2004 წლის 6 მაისამდე ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დეტალურადაა აღწერილი, თუ რა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით მიაღწია აბაშიძემ აჭარის მეთაურის თანამდებობამდე და როგორ მოახერხა მან, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, სხვადასხვა ტიპის დანაშაულის ჩადენა.

სასამართლო საქმეში რამდენიმე გარემოებაზეა ყურადღება გამახვილებული. კერძოდ, საუბარია იმაზე, თუ როგორ შექმნა აბაშიძემ, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე (1991 წელს), პოლიტიკური გაერთიანება – “დემოკრატიული აღორძინების კავშირი”. აღნიშნულმა კავშირმა, 1996 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად, აჭარის უზენაეს საბჭოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რამაც განაპირობა აბაშიძის არჩევა უზენაესი საჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

საქმის მასალების მიხედვით, აჭარის ხელისუფლებაში პოზიციების განმტკიცების მიზნით, აბაშიძემ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები დააფუძნა, კერძოდ: 1993 წელს შექმნა ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი, რომელიც არ შედიოდა საქართველოს არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში და რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა, რისი უფლებაც, სამართალდამცავების მტკიცებით, მას არ გააჩნდა. იმავე წელს აბაშიძემ, აღნიშნული შეიარაღებული ფორმირების მეშვეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის – ჩოლოქის გამშვებ პუნქტზე არსებული სახიდე გადასასვლელი დანაღმა, “რის შემდგომ ყოველწლიურად, 2004 წლის 2 მაისამდე,  დანაღმული ტერიტორიის შემოწმებასა და ასაფეთქებელი მოწყობილობების განახლებას ახდენდა,” – ნათქვამია გამოძიების მასალებში.

ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმის ბაზეზე, 1999 წლის 6 თებერვალს აბაშიძემ ცალკე დანაყოფად შექმნა და დააფინანსა #7999 სამხედრო ნაწილი.

ლევან ფაღავას (რომელიც 1998-2001 წწ და 2004 წლის იანვარ-მაისში მუშაობდა სამხედრო ნაწილის #7999-ის მეთაურად) მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, სამხედრო ნაწილი 7999 არ შედიოდა საქართველოს ძალოვან სტრუქტურების შემადგენლობაში და ფინანსდებოდა აჭარის ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად – დაახლოებით მილიონი ლარით. სამხედრო ნაწილში 600-700 კაცამდე ჯარისაცი და კონტრაქტით მომუშავე მსახურობდა. სამხედრო ნაწილს გააჩნდა სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკა, კერძოდ; სტრანსპორტო საშუალებები, “ბტრ”-ი, საზენიტო დანადგარები, ავტომატი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და სხვა. ფაღავას ჩვენებით, აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, ჩოლოქისა და ქაქუთის გამშვებ პუნქტთან იდგა 7999 სამხედრო ნაწილის შენაერთები და მათ მიერ განხორციელდა ხიდების აფეთქება.

საქმის მასალების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე ასლან აბაშიძემ პირველად 2003 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა, რისი უფლებაც, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მას არ ჰქონდა. საგანგებო მდგომარეობამ მაშინ ერთი თვის მანძილზე გასტანა.

“ასლან აბაშიძემ, თავისი მოქმედების გამართლებისა და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტს მიაღებინა საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ”, რომლის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს  ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება მიეცა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია იყო და რაც  საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის მითვისებას წარმოადგენდა,” – ნათქვამია საქმის მასალებში.

ამის შემდეგ, 2004 წლის 7 იანვარს, აბაშიძემ მეორედ და ამჯერად უვადოდ,  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც  2004 წლის 6 მაისს დასრულდა, როდესაც ასლან აბაშიძე ქვეყნიდან გაიქცა.

საქმის მასალებში ვრცლადაა აღწერილი აბაშიძის კავშირი ფინანსურ დანაშაულებთან მიმართებაში. კერძოდ, საუბარია ”მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების ფონდის” უკანონო შემოსავლებსა და ხარჯებზე. სასამართლო საქმის მასალებში ნათქვამია, რომ აღნიშნული ფონდი აბაშიძემ უკანონოდ დააფუძნა 1997 წელს. იმავე მასალებით, უკანონოდ დაფუძნებულ ფონდს, აბაშიძის პირადი მითითებით, ქალაქ ბათუმში განთავსებულ „საზღვაო ბანკის“ სათაო ოფისში, ასევე, უკანონოდ (წესდების, რეგისტრაციის, საიდენტიფიკაციო კოდისა და სხვა აუცილებელი რეკვიზიტების არარსებობის მიუხედავად) გაეხსნა მიმდინარე სალარე და სავალუტო ანგარიშები.

„1997–2000 წლების “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ” კანონების უგულვებელყოფით, ამ ანგარიშებზე 1997 წლის 21 ნოემბრიდან 2000 წლის 28 ივნისამდე, აბაშიძის მითითებებით, ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინიდან, სახელმწიფო ორგანოებიდან და საწარმოებიდან უკანონოდ ჩაირიცხა საბიუჯეტო შემოსავლები, რომელთა შემდგომ განკარგვას აბაშიძე  თავისი შეხედულებებით ახდენდა და რომლებიც გაფლანგა“ – ნათქვამია საქმის მასალებში.

2000 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო აჭარის კონსტიტუცია, რომლის შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს  აჭარის სარეზერვო, სამობილიზაციო, სტრატეგიული, მიზნობრივი, სპეციალური და სხვა ფონდების შექმნის, ამ ფონდებში ბიუჯეტის შესრულების პროცესში მიღებული გეგმურზე მეტი შემოსავლების (გარდა საბაჟოდან მიღებული შემოსავლებისა) მობილიზებისა და განკარგვის უფლება მიეცა, „მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების ფონდში“ თანხების მობილიზაციისა და გადინების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა.

გამოძიების მტკიცებით, აღნიშნული ფონდის საშუალებით, ასლან აბაშიძის მიერ 1997-2004 წლებში გაფლანგულ იქნა 98 229 530 ლარი. მაგალითად, „მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების ფონდიდან“ სხვადასხვა დროს გადარიცხულია თანხები ასლან აბაშიძის ვაჟის – გიორგი აბაშიძის კუთვნილ კერძო კომპანიებში (შპს “აღორძინება”, შპს “ბათუმის რივიერა”). სასამართლო საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულ ფონდს მთლიანად აკონტროლებდა პირადად ასლან აბაშიძე. აქედან გამომდინარე, გაფლანგული თანხის – 98 229 530 ლარის გადახდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად, სასამართლომ სწორედ ასლან აბაშიძეს დააკისრა.

ასლან აბაშიძის ინტერესების დამცველს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში 24 ოქტომბრამდე შეუძლია. აბაშიძე ამ დრომდე ძებნაში იმყოფება, შეფარდებული სასჯელის (15-წლიანი პატიმრობის) ვადის ათვლა მისი დაკავების მომენტიდან დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი