სამართალი

უზენაესმა სასამართლომ შს სამინისტროს საჩივარი წარმოებაში არ მიიღო

28 ოქტომბერი, 2015 •
უზენაესმა სასამართლომ შს სამინისტროს საჩივარი წარმოებაში არ მიიღო

 

შს სამინისტრომ უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისს მიმართა საჩივრით და მოითხოვა სასამართლოს მეორე ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ შს სამინისტროს პრემიების შესახებ უწყებაში დაცული ინფორმაციის „ბათუმელებისთვის“ მიწოდება დაავალა.

 

საკასაციო საჩივარში შს სამინისტრო წერს: „სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პოლიციის შესახებ კანონით პრემია წახალისების ერთ-ერთი ფორმაა. ამასთან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები ამ პირის თანხმობის გარეშე“.

 

გაზეთმა „ბათუმელებმა“ შს სამინისტროსგან პრემიების შესახებ ინფორმაცია, თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მითითებით, 2013 წლის ბოლოს გამოითხოვა. ინფორმაციის ვერმიღების შემდეგ, 2014 წლის თებერვალში, რედაქციამ  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ 2015 წლის 27 თებერვალს მოახერხა და საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თუმცა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, შს სამინისტრომ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, სადაც ასევე არ დაკმაყოფილდა სამინისტროს საჩივარი.

 

შს სამინისტროს საჩივრი დასაშვებად არ ცნეს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეებმა – ვასილ როინიშვილის, ლევან მუსერიძისა და მაია ვაჩაძის შემადგენლობით.

 

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

გაზეთ „ბათუმელების“ ინტერესებს საერთო სასამართლოებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი