სამართალი

სახლი, რომელიც ჩემია, ჩემი აღარ არის

26 ივლისი, 2010 • 1501
სახლი, რომელიც ჩემია, ჩემი აღარ არის

”მოულოდნელად გავიგე, რომ სახლი, რომელშიც მთელი ბავშვობა გავატარე, რომელიც მამაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო და რომელშიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ვცხოვრობ, ჩემი აღარ არის”, -ამბობს ეკატერინე ნინიძე, რომელსაც  კერძო საკუთრება – სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთი – მერიამ ჩამოართვა.

ბულვარის გაგრძელებისა და ახალი გზის მშენებლობისთვის, კომპენსაციის სანაცვლოდ საკუთრების დათმობის თაობაზე, მერიამ მოლაპარაკება სულ 101 ოჯახთან  აწარმოა. აქედან 39 ოჯახს ექსპროპრიაცია შეეხო, ანუ მათ ქონება ჩამოართვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ხიმშიაშვილის ქუჩა აეროპორტის გზატკეცილს უნდა შეუერთდეს, აქედან გამომდინარე, ბათუმის მერიამ ქონების ჩამორთმევაზე თანხმობა ჯერ საქართველოს პრეზიდენტისგან, შემდეგ კი სასამართლოსგან მიიღო. შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, კანონი მერიას მესაკუთრესთან მოლაპარაკებასა და კომპენსაციის თაობაზე შეთანხმებას ავალდებულებდა.

ეკატერინე ნინიძის განცხადებით, მასთან, როგორც მესაკუთრესთან, მსგავსი შეთანხმება არც წერილობით და არც სიტყვიერად მიღწეული არ ყოფილა:  ”მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოგვაყენეს ეზოში ტრაქტორი და ”ზაბორის” დანგრევა დაიწყეს. სახლში მხოლოდ ჩემი მოხუცი და იმყოფებოდა. მეზობლებმა დაგვირეკეს და მოვედით, ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა მერიის წარმომადგენლებსა და ჩემს მეუღლეს შორის”.

კაკო ნინიძეს მერიის თანამშრომლებმა საჯარო რეესტრის ამონაწერი წარუდგინეს, რომლითაც ირკვევა, რომ მისი სახლი და ნაკვეთი 2010 წლის 15 თებერვლიდან მერიის საკუთრებაა:  ”მოულოდნელად გავიგე, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის დის სახლი და ნაკვეთი, რომელიც აქვე ჩემი სახლის გვერდით მდებარეობს,  მერიის საკუთრებაში გადავიდა”. 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის  გელა მახარაძის განცხადებით, ეკატერინე ნინიძესთან და მის დასთან ლუბა კორუბკინასთან მოლაპარაკებას დიდ ხანს აწარმოებდნენ: ”ჩვენ ორივეს იმდენივე კვადრატული მეტრი ბინა შევთავაზეთ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე სახლში (მშენებელი ”გუმბათი-1”), რამდენსაც ისინი ფლობენ –  ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 67 ლარს ვუხდიდით, გარკვეული თანხა შევთავაზეთ ნარგავებსა და სხვა დამხმარე ნაგებობების სანაცვლოდაც, მაგრამ ისინი არ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე”.

გელა მახარაძის თქმით, ეკატერინე კორუბკინამ საკუთრების სანაცვლოდ გაცილებით მეტი მოითხოვა, ვიდრე მისი ქონება რეალურად ღირს და რადგან მათ შორის მოლაპარაკება ვერ შედგა, ”შესაბამისი, ანუ ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მივიღეთ”.

ბათუმის მერია, ნინიძისა და მისი დის ლუბა კორუბკინას გარდა, კიდევ ხუთ ოჯახს ვერ შეუთანხმდა. ისინი ”ბათუმელებთან” არაოფიციალურ საუბარში აცხადებენ, რომ საკუთარი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს. მახარაძის თქმით, “მათი ქონებაც მერიის საკუთრებაა”.

კანონის თანახმად, ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე, მესაკუთრის ქონება ექსპროპრიატორმა მოწვეულ ექსპერტს უნდა შეაფასებინოს, ქონება საბაზრო ღირებულების შესაბამისად უნდა შეფასდეს. საკუთარი ქონება ცოტა ხნის წინათ ნინიძეების ოჯახმა დამოუკიდებელ კომპანიას –”ბზას”– შეაფასებინა და დოკუმენტი მერიას სხვა დოკუმენტებთან ერთად წარუდგინა. გელა მახარაძის თქმით: “ამ  შეფასებაში მითითებული საკომპენსაციო თანხა – 5 მილიონი დოლარი– გზის გაგრძელებისთვის დახარჯულ თანხას აღემატება, შესაბამისად, მოთხოვნაც არარეალურია”.

კანონით,  ”თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, ან შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი სასამართლოში შეიტანოს… სასამართლო მოიწვევს დამოუკიდებელ ექსპერტს ქონების საბოლოოდ შესაფასებლად”.

ამ შემთხვევაში მერიამ შვიდ ოჯახს საკუთრება ისე ჩამოართვა, რომ არათუ კომპენსაცია გადაუხადა, არამედ კომპენსაციის მიღებაზეც კი ვერ დაითანხმა.

ნინიძეების ოჯახი, საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ადვოკატი დავით გაბაიძე, რომელიც მსგავს საქმეებზე ხშირად მუშაობს, აცხადებს, რომ ”ყველა ნაკვეთი, რომელიც ექსპროპრიაციის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში მოხვდა, მერიამ მანამდე დაირეგისტრირა, ვიდრე მესაკუთრეს შეუთანხმდებოდა, ან სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას. ჩამორთმევა მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე არ უნდა ხდებოდეს. ამ შემთხვევაში, თუ სამართლიანი ანაზღაურება იქნება, წარმატების მიღწევა შესაძლებელია”.

”სახლი რომელიც ჩემია, ჩემი აღარ არის”
”სახლი რომელიც ჩემია, ჩემი აღარ არის”

მასალების გადაბეჭდვის წესი