სამართალი

არგენტინამ ჰომოსექსუალთა ქორწინება დააკანონა

16 ივლისი, 2010 • • 1265
არგენტინამ ჰომოსექსუალთა ქორწინება დააკანონა

არგენტინა პირველი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში და მეათე მსოფლიოში, რომელმაც ჰომოსექსუალთა ქორწინება დააკანონა. ქვეყნის დეპუტატთა პალატამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ერთი სქესის წყვილებს ქორწინების გარდა შვილის აყვანის უფლებასაც აძლევს.  CNN-ის ცნობით, კანონმდებლებმა კანონი 14-საათიანი დებატების შემდეგ მიიღეს.

სენატმა დებატები, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს დაიწყო და ხუთშაბათს, დილაადრიან, გაგრძელდა.  Euronews-ის ინფორმაციით, სენატის შენობასთან თავმოყრილი იყო ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ქორწინების მომხრეებიცა და მოწინააღმდეგენიც, რომლებიც დემონსტრაციას მართავდნენ. პოლიცია ცდილობდა, სიმშვიდე დაეცვა მომიტინგეებს შორის, თუმცა ხელი ვერ შეუშალა კვერცხებისა და ფორთოხლების სროლას მოწინააღმდეგეთა ბანაკების მხრიდან.

კანონპროექტს მხარს პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდესის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა უჭერდა, კათოლიკური ეკლესია და სხვა რელიგიური ჯგუფები კი ეწინააღმდეგებოდნენ.

”თითქმის ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურა მხარს უჭერს ქორწინების თანასწორობას,”- ამბობს მარია რაშიდი, არგენტინის გლტბ ცენტრის პრეზიდენტი. ინეს ფრანკი, ორგანიზაცია არგენტინის ოჯახების წევრი ამბობს, რომ იგი ამ კანონის წინააღმდეგია, რადგან ოჯახის არსი საწინააღმდეგო სქესის წყვილებს შორის ურთიერთობაა.

პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი მოხარულია, რომ კონგრესმა დაამტკიცა ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ლეგალიზების კანონპროექტი:  ”დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება აჩვენებს, რომ კათოლიკური არგენტინა, დიქტატორულის ნაცვლად, ნამდვილ დემოკრატიულ ღირებულებებს იზიარებს. ეს არის უმცირესობების უფლებებოს დაცვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი,”- ამბობს იგი არგენტინული საინფორმაციო სააგენტოს Telam.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 BBC-ის ინფორმაციით, ბოლო წლებში არგენტინაში რამდენიმე გეი ქორწინებაც იყო  დაფიქსირებული. ზოგიერთი მათგანი უმაღლესმა სასამართლომ კანონთან შეუსაბამობის გამო გააუქმა. ბუენოს აირესსა და ზოგიერთ პროვინციაში დაშვებული იყო ერთი სქესის წყვილების ქორწინება, თუმცა აქამდე არ არსებობდა კანონი, რომელიც დაარეგულირებდა ჰომოსექსუალთა ქორწინებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჰომოსექსუალთა ქორწინება ლეგალიზებულია ესპანეთში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ბელგიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კანადაში, ისლანდიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი