სამართალი

ევროსაბჭო საქართველოზე ინფორმაციას აგროვებს

12 ივლისი, 2010 • 1238
ევროსაბჭო საქართველოზე ინფორმაციას აგროვებს

გაუმჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და შევიწროება, მედიის დაუბალანსებლობა -ეს ის ფრაზები იყო, რომლებსაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგელებისგან ისმენდნენ.

სასტუმრო “ამბასადორში” დღეს გამართული შეხვედრის მიზანი საქართველოში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების მოსმენა იყო.

აღნიშნულ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შეიქმნება სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელსაც ევროსაბჭო საქართველოს  გამოუგზავნის.

შეხვედრა, რომელსაც ქართველი და საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ, ძირითადად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს მიეძღვნა.

შეხვედრის დაწყებამდე ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებმა ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთეს, რომელშიც ერთხმად აღნიშნეს:

«მეტად მნიშვნელოვანია საქართველომ დემოკრატიის გზაზე სვლა გააგრძელოს. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით.»

ევროსაბჭოს მისიის თბილისის წარმოამდგენლობის მიერ მიწვეული იყვნენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

პირველ შეხვედრას, რომელმაც წინასწარ განსაზღვრულ ერთ საათს ნახევარი საათით გადააჭარბა, ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ხიდაშელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და სასამართლო ხელისუფლების ხარვეზებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებულად  პოლიტიკური ნიშნით დევნაზე გაამახვილა ყურადღება:

«ვისაუბრეთ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, იმის გათვალისწინებით, რომ სულ ახლახან მესტიაში მოხდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის დაკავება.»

ევროსაპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებს  «საიამ» ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზეც, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  გახშირდა პატიმართა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები.

 

«არ  ხდება ძალადობის გადამეტების ფაქტების გამოძიება პოლიციის მხრიდან,»- თამარ ხიდაშელი.

შეხვედრაზე  ეთნიკური ოსების უფლებების დარღვევისა და გატაცების შესახებაც გახდა ცნობილი, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.

«ჩვენ წარვუდგინეთ სპეციალური ანგარიში, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების საკითხებს საქართველოში. ერთ-ერთი სერიოზული თემა, რომელსაც ევროსაბჭო განიხლავს, არის პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების ფაქტები,– ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მედიის წამოამდგენლებთან შეხვედრას გაზეთის რედაქტორები: პაატა ვეშაპიძე, ლაშა ტუღუში, ჟურნალისტი ზვიდ ქორიძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი მათიას ჰიუთერი ესწრებოდნენ.

«ეს იქნება ღია და უკომპრომისო საუბარი. ძალიან საინტერესოა ბოლო არჩევნები.  ელექტრონული მედია არ იყო დაბალანსებული არჩევნების დროს. მედიის კანონმდებლობა არის დასახვეწი… დაფარულია მათი ფინანსური წყაროები და უცნობია მათი  მფლობელები,»-  ლაშა ტუღუში.

ფონდ «ღია საზოგადოება-საქართველოს»  აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კობალაძემ კორუფციაზე საუბრისას ახსენა  « მედიის მფლობელების   გასაიდუმლოებულობა.»

კობალაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის კორუფციის შემთხვევები:

«უცნობია, ვინ არიან კომპანიების მფლობელები. გარდა ამისა, საჯარო ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში,  მიუწვდომელია. ეს ეხება ფინანსურ საკითხებსაც. აქედან გამომდინარე, არის საფუძლიანი ეჭვი, რომ ყველაფერი რიგზე არაა და კორუფცია ჯერ კიდევ მძლავრად არის.»

საბოლოდ, შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ხუთი საათი გაგრძელდა. ევროსაბჭოს წარმომამდგენლები ხვალაც შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს.

კასტრიოტ ისლამი და მაიკ იენსენი  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს,  საქართველოს პარლამენტის წევრებს,  სახალხო დამცველის მოადგილე ტატა ხუნწარიას,  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი