სამართალი

ნანული ვახანიამ შიმშილობა შეწყვიტა

12 ივლისი, 2010 • 1354
ნანული ვახანიამ შიმშილობა შეწყვიტა

თბილისის ნომერ პირველ (არამიანცის) საავადმყოფოში მოთავსებული ნანული ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვახანია ევროსაბჭოს მისიის შენობასთან  პატიმარი ძმის გათავისუფლების მოთხოვნით 27 დღე შიმშილობდა.

57 წლის ნანული ვახანია შაბათს ღამის 11-ის ნახევარზე მოიყვანეს და იგი პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე საპატრიარქოს თერაპიული კლინიკაში მოვათავსეთ, განაცხადა არამიანცის საავადმყოფოს მიმღებმა.

კლინიკის მორიგე თერაპევტი ლალი ოთარაშვილი ამბობს, რომ მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა:

”შემოყვანისას უჩიოდა ზოგად საერთო სისუსტეს, რაც 27 დღიანი შიმშილობით იყო გამოწვეული. დასმული აქვს დიაგნოზი ალიმენტარული გამოფიტვა. თავად აღნიშნავს, რომ მზეზე ყოფნისას შეენიშნებოდა ალერგიული გამონაყარი. ჩაუტარდა გამოკვლევები და მკურნალობა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.”

ნანული ვახანიამ, რომელიც თავისი ძმის, ვლადიმერ ვახანიას გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისის ევროსაბჭოს მისიის შენობასთან 27 დღე შიმშილობდა. ამჟამად მან შიმშილობა შეწყვიტა.

”ბოლო ოცი დღე განსაკუთრებით მძიმედ ვიყავი… შაბათს დილიდანვე ცუდად გავხდი. ორგანიზმი წყალსაც არ ღებულობდა და გულისრევა მქონდა. საღამოს ჩემმა ნათესავმა გამოუძახა სასწრაფოს და ღუდუშაურის საავადმყოფოში გადამიყვანეს,”- ამბობს ნანული ვახანია.

ვახანია აცხადებს, რომ ღუდუშაურის საავადმყოფოში დარჩენა არ ისურვა, რადგან მორიგე ექიმმა შეურაცხყოფა მიაყენა:  „მითხრა, რომ წადი სახლში და იქ ჭამეო”.

ამის შემდეგ ის თბილისის პირველ საავადმყოფოში მოათავსეს.

ვახანია შიმშილობის გაგრძელებას აღარ აპირებს. „ ჩემი ძმის გათავისუფლებისთვის ბრძოლას საკასაციო სასამართლოში გავაგრძელებ და სტრასბურგშიც ვიჩივლებ“,  –აცხადებს დაკავებულ ვლადიმერ ვახანიას და.

პროფესიით ექიმი ნანული ვახანია, ამბობს, საავადმყოფოდან გაეწერება და სახლში გააგრძელებს მკურნალობას.

ნანული ვახანიას ძმა, პოლიტიკური პარტია «მთლიანი საქართველოსთვის»  ვლადიმერ ვახანია 2009 წლის მარტში იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის ბრალდებით დააკავეს.

2009 წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ვახანიებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციომ ოთხწლიანი პატიმრობა ექვსი თვით შეუმცირა.

ვლადიმერ ვახანია სასჯელს რუსთავის მე-6 საპყრობილეში იხდის.

იხილეთ ვახტან კომახიძის ფილმი ( სტუდია “რეპორტიორი”)  ვლადიმერ ვახანიასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი