სამართალი

თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ეწვივნენ

12 ივლისი, 2010 • 1101
თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები  ეწვივნენ

ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკ იესენი და კასტრიოტ ისლამი თბილისში განთენიისას ჩამოფრინდნენ.

«ჩვენი სტუმრობის მიზანი ევროკავშირის მიერ საქართველოში მიმდინარე  მონიტორინგის გაგრძელებაა. ჩვენ შევისწავლით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ეს შეეხება მთავრობის დეცენტრალიზაციას, სასამართლო სისტემისა და ანტიკორუფციულ რეფორმებს. შევისწავლით, მედიასაშუალებების მდგომარეობას და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს,»- განაცხადა კასტრიოტ ისლამმა.

«ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გავმართავთ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებთან. გავეცნობით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ვიზიტის ბოლოს შემაჯამებელ პრესკონფერენციას გავმართავთ,»- განაცხადა მაიკ იესენიმ.

ევროსაპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლების ვიზიტი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაფასეს:

«ძალიან ახლო კომუნიკაცია გვაქვს ევროსაბჭოსთან, ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოს შესაბამის კომიტეტებთან… ჩამოდიან მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების გასაცნობად, მათ ექნებათ ბევრი შეხვედრა, რომლებზეც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ეს იქნება არჩევნები და სხვადასხვა რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ვისუბრებთ უსაფრთხოების საკითხებზე“, – ამბობს აკაკი მინაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

«მე დარწმუნებული ვარ, რომ მომხსენებელებს ექნებათ სრულყოფილი ინფორმაციამ რაც აისახება ევროსაბჭოს შემდგომ დოკუმენტებში,»-მიაჩნია პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი.

 დღეს მომხსენებელები შეხვდებიან შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და მის მოადგილე ეკა ზღულაძეს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და   იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანს.

 ევროპელი დიპლომატები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაათვალიერებენ.

 დღის მეორე ნახევარში შეხვედრა იგეგმება, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა ჯგუფთან, მედიის წარმომადგენლებთან და ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 სამშაბათიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები პარლამენტის საგარეო ურთიეთობებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრებს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, სახალხო დამცველის მოადგილე ტატა ხუნწარიას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.

 მაიკ იენსენი და კასტრიოტ ისლამი შეხვდებიან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს დავით მელუას, დეცენტრალიზაციის სახელმწიფო კომისიის წარმომადგენელს დავით ჭიჭინაძეს, ასევე ჩავლენ აზერბაიჯანულ სოფელ ყარაჯალაში და ეთნიკური ოსებით დასახლებულ სოფელ ყიტაანში, სადაც შეხვედრას ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან გამართავენ.

ვიზიტის ბოლო დღეს, 15 ივლისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები თბილისის მერს გიგი უგულავას, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მაიკ იენსენი და კასტრიოტ ისლამი საქართველოს 16 ივლისს დატოვებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი