სამართალი

ავტობანის თაღლითები?

18 ივნისი, 2010 • 1053
ავტობანის თაღლითები?

ნათი როყვას ფოტო
ნათი როყვას ფოტო

ბათუმის საქალაქო სასამართლო იმ ადამიანებს ასამართლებს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, აჭარაში სარფი-ჩოლოქის ავტობანის მშენებლობის გეგმით სარგებლობდნენ და თაღლითობდნენ. საქმეში 300-მდე დაზარალებულია.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ საქმეში მოტყუებული და დაზარალებულია აჭარის ყველა რაიონის მცხოვრები, სულ 283 ადამიანი.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, განსასჯელი, ე.ტ. მოსახლეობას ჩოლოქი-სარფის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებას და მაღალ ხელფასებს ჰპირდებოდა. მან შექმნა თაღლითური ჯგუფი.

პროკურატურის ვერსიით, ე.ტ-მ თავისი გეგმა გააცნო ტ.ხ-ს, გ.ბ-სა და შ.ქ-ს, რომლებიც ასევე დაპატიმრებულნი არიან. მათ გაინაწილეს როლები და შეთანხმდნენ დანაშაულის ჩადენისთვის. განსასჯელებმა გ.ბ-მ. და შ.ქ-მ შეარჩიეს მოქალაქეთა მიღების ადგილები, სადაც ისინი ხვდებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ მუშაობის დაწყება. მათგან იღებდნენ დასაქმების მსურველთა განცხადებებს და ფულს. მაგალითად, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩა #10513-ში, ერთ-ერთი განსასჯელის სასადილოში, სახელდახელოდ გახსნეს ოფისი მოქალაქეების მისაღებად. ასევე, პუშკინისა და ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში, ჭავჭავაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩებზე, ავტოსადგურსა და კიდევ რამდენიმე ადგილას იღებდნენ მოქალაქეებს.

გამოძიების ვერსიით, ფული, რომელსაც მოქალაქეებს ართმევდნენ, თითქოსდა ჯანმრთელობის ცნობის მომზადებისთვის სჭირდებოდათ. ოფისში მისული სამუშაოს მაძიებელი თითოეული ადამიანისგან 40-70 ლარს იღებდნენ, ამ მოქალაქეებს კი ხელფასის სახით 300-დან 1500 ლარს ჰპირდებოდნენ. დასაქმებას ჰპირდებოდნენ ყველა პროფესიის ადამიანს, მუშას, მძღოლს…

განსასჯელ ტ.ხ-ს, პერიოდულად, სამუშაოს მაძიებლებთან მეტი დამაჯერებლობისთვის თბილისიდან მათ მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტი, თითქოსდა საგზაო დეპარტამენტის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული დასაქმებული ადამიანების სიები ჩამოჰქონდა. დასაქმების მსურველმა 283-მა მოქალაქემ, საერთო ჯამში, გამოძიების ვერსიით, 18 329 ლარი იზარალა. 

ადვოკატი პაატა ბოლქვაძე ერთ-ერთ განსასჯელს იცავს. ბოლქვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფიც მოატყუეს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, რომ თაღლითებთან ჰქონდა საქმე და თვითონაც მოტყუებულად მიიჩნევს თავს. პროკურატურის ბრალდებას, თითქოს განსასჯელები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ადვოკატი არ იზიარეს.

პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ პროკურატურამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელი _ 4 წელი და ბიუჯეტის სასარგებლოდ ათი ათასი ლარის გადახდა შესთავაზა. ამ პირობას განსასჯელის მხარე არ თანხმდება, რადგან მიიჩნევს, რომ უდანაშაულოა.

მომდევნო პროცესზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს დაკითხავენ, რადგან განსასჯელები სწორედ მათი სახელით მოქმედებდნენ. 

ეს დანაშაული მინიმუმ ათწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი