სამართალი

„ვერ ვხვდები, მოსამართლემ როგორ უნდა დაასაბუთოს ის, რაც გამოაცხადა“ — მუხაშავრია

7 თებერვალი, 2023 • 6163
„ვერ ვხვდები, მოსამართლემ როგორ უნდა დაასაბუთოს ის, რაც გამოაცხადა“ — მუხაშავრია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპირებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

როგორც „ნეტგაზეთს“ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, უახლოეს დღეებში მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე — დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.

რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია დააწესოს სახელმწიფოსთვის სავალდებულო დროებითი ღონისძიებები. სანამ ძირითად საქმეს განიხილავს, სასამართლო დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნას მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ პირობებში აკმაყოფილებს — როდესაც კონვენციის სერიოზული დარღვევის საშიშროება არსებობს.

სამართლის დარგის სპეციალისტი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ არსებული ექსპერტიზის დასკვნის სახით სტრასბურგის სასამართლოს საკმარისი საფუძველი აქვს, დროებითი ღონისძიება გამოსცეს, ამის შემდეგ კი სააკაშვილის ადვოკატებმა უნდა მოამზადონ საჩივარი არასათანადო მოპყრობის შესახებ, რის საფუძველზეც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

სააკაშვილის ადვოკატების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების სისტემაში შესვლამდე 6 დიაგნოზი ჰქონდა, ახლა 47 აქვს.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ სამედიცინო სფეროს ძალიან ცნობილმა ექსპერტებმა უკვე გააკეთეს თავიანთი სამედიცინო დასკვნები, არ მგონია, ევროსასამართლოსთვის ამ საკითხის დროულად განხილვა და გადაწყვეტა რთული იყოს. მით უმეტეს, სტრასბურგის სასამართლო ინფორმირებულია და დიდ ყურადღებას აქცევს ისეთ საქმეებს, რომელიც საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის საგანია. ასე რომ, ეს საქმე მოითხოვს, რაც შეიძლება დროულად იქნას გასაჩივრებული და, დარწმუნებული ვარ, დროულად მოხდება მისი განხილვა. ყოველ შემთხვევაში დროებითი ღონისძიება მაინც გამოვა დაუყოვნებლივ, რომლითაც მთავრობას დაევალება, გაათავისუფლოს პატიმარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის მიზნით“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ მუხაშავრიამ.

ის ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჰუმანიზმის უმაღლესი სტანდარტებით უდგება ნებისმიერ საქმეს, სადაც შეიძლება რისკის ქვეშ იყოს ადამიანის სიცოცხლე.

„როდესაც ჩეჩენი პატიმრების ექსტრადიციის შეჩერების საქმეზე ვმუშაობდი, შევხვდი ევროსასამართლოს კომისიის წევრს, შევჩივლე, რომ მეშინია, საქმის განხილვა არ დაგვიანდეს. მან მითხრა, რომ ევროსასამართლოს ჰქონდა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პატიმარი მართლაც დაიღუპა იმიტომ, რომ სასამართლომ არ ჩათავლა საჭიროდ, ჩარეულიყო და მთავრობისთვის მიემართა. ამის შემდეგ, როდესაც ნებისმიერ ახალ თანამშრომელს ნებისმიერ თანამდებობაზე იღებენ, აუცილებელი ტრენინგის ნაწილია, რომ არასოდეს მსგავსი არ განმეორდესო. პრაქტიკაში დავრწმუნდი, რომ მართლაც ასეა“, — ამბობს მუხაშავრია.

მუხაშავრიას აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საკმარისი საფუძველი ჰქონდა, სააკაშვილისთვის სასჯელის მინიმუმ გადავადების გადაწყვეტილება მიეღო.

„ჩემთვის არც სამართლებრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით ახსნადი არ არის, რაც წუხელ მოხდა. თუნდაც გადაევადებინა სასჯელი. სააკაშვილი ნემსი ხომ არ არის, ქილაში დაიმალოს?! მე საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა დაასაბუთოს მოსამართლემ ის, რაც გუშინ გამოაცხადა. როგორც წესი, ექსპერტების დასკვნები არის მთავარი მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების პროცესზე. მოსამართლე აფასებს, რამდენად კვალიფიციურმა, ცნობილმა ექსპერტმა და რა მეთოდოლოგიით გააკეთა დასკვნა და წყვეტს, რომელს ეყრდნობა. როგორც სარწმუნოს. იმაზე უკეთესი ექსპერტები, ვიდრე სააკაშვილს ჰყავდა, არა მგონია, არათუ საქართველოში, ახლომახლო რეგიონში მოიძებნებოდეს. სახელმწიფოს წარმომადგენლებს რომ ჰქონოდათ ექსპერტების დასკვნები, მაშინ მოსამართლეს უბრალოდ უნდა ემსჯელა იმაზე, რომელ ექსპერტის დასკვნა არის უფრო სანდო, უფრო კვალიფიციური და უფრო დამაჯერებელი. აქ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მეორე მხარე საერთოდ არ დებს არანაირ დასკვნას. ეს არის აბსურდი და თუ გასაჩივრდება, ევროპულ, სასამართლოს დიდი ტვინის ჭყლეტა არ დასჭირდება“, — მიიჩნევს მუხაშავრია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

სააკაშვილის მხარეს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს არაერთი მძიმე დაავადება სჭირს. ემპათიის დასკვნის მომზადებაში ჩართული იყვნენ უცხოელი, ამერიკელი და ინგლისელი ექიმებიც.

ამის საპასუხოდ პენიტენციური სამსახურის დაკვეთით სამხარაულის ბიურომ მოამზადა ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, „ემპათიის“ დასკვნა და მისი თანმხლები დანართები ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების იმ მუხლებთან შეადარეს, რომელიც განსაზღვრავს იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია. სამხარაულის ბიუროს დამოუკიდებლად არ გამოუკვლევია და შეუფასებია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი