40 ათას ლარად შეფასებული გირგვლიანის მკვლელობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ  თანამშრომელს მორალული ზიანის  ანაზღაურება, კონკრეტულად კი 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება  თბილისის საქალაქო სასამართლომ მანამ მიიღო, სანამ გირგვლიანების სარჩელს სტრასბურგის სასამართლო განიხილავდა. ადვოკატ შალვა შავგულიძის აზრით, მოპასუხეებს გარკვეული თანხის გადახდა იმიტომ დააკისრეს, რომ სახელმწიფოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ემოქმედა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ  თანამშრომელს მორალული ზიანის  ანაზღაურება, კონკრეტულად კი 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება  თბილისის საქალაქო სასამართლომ მანამ მიიღო, სანამ გირგვლიანების სარჩელს სტრასბურგის სასამართლო განიხილავდა.

 ევროპულ სასამართლოს სანდრო გირგვლიანის ოჯახმა სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის (მეორე მუხლი –  სიცოცხლის უფლება, მესამე მუხლი – წამების აკრძალვა, მეექვსე მუხლი –  სამართლიანი სასამართლოს უფლება და მეცამეტე მუხლი –  უფლება ეფექტურ ზომაზე) დარღვევის გამო მიმართა.

შალვა შავგულიძე, გირგვლიანების ადვოკატი, განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს სახელმწიფომ სთხოვა, არ განეხილა კონვენციის  მეექვსე მუხლის დარღვევა, რადგან გირგვლიანების მხრიდან ადგილობრივ სამართალწარმოებაში არ იყო შეტანილი სამოქალაქო სარჩელი.

 მაშინ, როცა საქართველოს სასამართლოებში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ირინა ენუქიძეს (სანდრო გირგვლიანის დედას) სამოქალაქო სარჩელი, კონკრეტულად კი, მორალური ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია.

 სტრასბურგის სასამართლო ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევაზე სარჩელს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ დაზარალებული არის სამოქალაქო მოსარჩელე შიდა სახელმწიფოში.

 “ევროპულმა სასამართლომ გვაცნობა ამის შესახებ, ამიტომაც, გურამ გირგვლიანმა (სანდრო გირგვლიანის მამამ) მიმართა სამოქალქო სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვდა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების: გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავასა და ალექსანდრე ბიბილურის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურებას, მათ მიერ სანდრო გირგვლიანის სადისტური მკვლელობის გამო.

 როგორც “ბათუმელებს” თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, გურამ გირგვლიანი მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული და შემდგომ შეწყალებული ოთხი პირისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 200 000 ლარს ითხოვდა. სასამართლომ კი მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეებს 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ასევე უნდა დაბრუნებოდა სამი ათასი ლარი, რომელიც, გადახდილი ჰქონდა ბაჟის სახით.

 ადამიანები, რომლებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს, მიიჩნევენ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებად ის წლები უნდა ჩაითვალოს, რაც ციხეში გაატარეს, ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

ადვოკატის ინფორმაციით, არ აყადაღებენ იმ ადამიანების ქონებას, რომლებსაც სასამართლომ 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა: `ჩვენ მოვთხოვეთ სასამართლოს, დაეყადაღებინა მათი ქონება, რადგან არსებობს საფრთხე, ეს ქონება გაასხვისონ და ვერ გადაიხადონ თანხა~. ადვოკატი იმასაც ვრაუდობს, რომ საქალაქო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება სახელმწიფოს სტრასბურგის ”დასანახად” სჭირდებოდა. შალვა შავგულიძის აზრით, მოპასუხეებს გარკვეული თანხის გადახდა იმიტომ დააკისრეს, რომ სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოზე ემოქმედა.

 ”როცა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, არაა გამორიცხული, უზენაესმა ბათილად ცნოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ 40 ათასი ლარის გადახდა არ დააკისროს მოპასუხე მხარეს. სტრასბურგის სასამართლო უფრო ადრე მიიღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეს.

რაც შეეხება გირგვლიანების სარჩელს, სტრასბურგის სასამართლომ ეს სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, სახელმწიფოს მიმართ უკვე განიხილა. ევროპულ სასამართლოში გურამ გირგვლიანი მორალური ზიანის ანაზღაურებას (სამასი ათასი ევროს ოდენობით) არა ბრალდებულებისგან, არამედ სწორედ სახელმწიფოსგან ითხოვს.

 სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილები, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს, რომელთაც 7-8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ პრეზიდენტის შეწყალების შედეგად ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს: ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და შს მინისტრის – ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას ასახელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა, გაზეთი ”ბათუმელები”