სამართალი

ადვოკატების აქცია გრძელდება

13 მაისი, 2010 • • 1205
ადვოკატების აქცია გრძელდება

პარლამენტის წინ მომიტინგე ადვოკატები ორ დღეში კარვების გაშალას გეგმავენ.

„თუ პარლამენტი არ მოახდენს რეაგირებას ჩვენს პროტესტზე, ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნები პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზრდება. ორ დღეში პარლამენტის წინ კარვებს გავშლით და მოვუწოდებთ მოსახლეობას პროტესტი გამოუცხადონ საარჩევნო კოდექსს“,- აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაიცის 500-მდე წევრმა 7 მაისს საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით შენიშვნები შეიტანა. ადვოკატები საარჩევნო კოდექსში ათი ცვლილების შეტანას ითხოვდნენ.

„პარლამენტს ჩვენი ინიციტივისთვის ყურადღება არ მიუქცევია“,- აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

გუშინ დაწყებული აქცია დღესაც გრძელდება. აქიის მონაწილე იურისტებს პარლამენტის წინ, ღია ცის ქვეშ, სკამები აქვთ განთავსებული.

ტრანსპარანტებით: „ადვოკატები ვითხოვთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებას“ და „მთელი ძალაუფლება ხალხს“ ისინი პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ, რომლითაც, მათი თქმით, საარჩევნო გარემო გაუარესდა.

შალვა ხაჭაპურიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის 110-ე, 111-ე, 120-, 126-ე მე-15 პრიმა მუხლებში შეტანილი ცვლილებებით კოდექსი პერსონიფიცირებული გახადა.

ადვოკატები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან რეაგირებას არ მოელიან: „მე დარწმუნებული ვარ რომ ამაზე მთავრობა ყურს არ შეიბერტყს ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, შეისმინოს ხალხის ხმა, მეორე — არჩევნებამდე 18 დღე არის დარჩენილი და პრაქტიკულად შეუძლებელია, ასე მოკლე ვადაში, სურვილის ქონის შემთხვევაშიც კი, შენიშვნების მიხედვით შეცვალონ კოდექსი“,- ამბობს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.

აქციის მონაწილე ადვოკატები მიმდინარე ცვლილებების შესახებ საინფორმაციო მიტინგების გამართვასაც აპირებენ.

ისინი ამბობენ, რომ მოქალქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციასაც გაუწევენ, იქნება ეს სისხლის, სამოქალქო სამართლის თუ სტრასბურგის საქმეებთან დაკავშირებით.

ადვოკატების აქცია ადგილობრივი არჩევნების დასრულებამდე, 30 მაისამდე, გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი