სამართალი

პროკურატურა მერიაში შესაძლო გაფლანგვას იძიებს – გამოკითხავენ კალაძესაც?

7 ნოემბერი, 2022 • 1905
პროკურატურა მერიაში შესაძლო გაფლანგვას იძიებს – გამოკითხავენ კალაძესაც?

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საქმეზე, რომელიც ეხება, სავარაუდოდ, თბილისის მერიაში უფლებამოსილების გადამეტებასა და ფულის გაფლანგვას.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებულ თითქმის ყველა გადამწყვეტ დოკუმენტს მერი კახა კალაძე აწერს ხელს, ის ჯერ არ გამოუკითხავთ.

საქმე ეხება ადგილმონაცვლეობას – მერიამ ბიზნესმენს წყნეთის ტყეში შეძენილი მიწის 2 ნაკვეთი გადაუცვალა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ 6 ნაკვეთში.

ოპოზიცია, რომელმაც ეს საქმე სასამართლოში წაიღო, ამბობს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას, რადგან მიწის ნაკვეთი ფიქციური მყიდველის მეშვეობით ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა გადაცვალეს. ამასთანავე, ნახეს დიდი სარგებელი – რადგან გადასაცვლელი მიწის საბაზრო ღირებულება გადაცვლილი მიწის ღირებულებაზე მეტია.

საპირისპიროს ამტკიცებს კერძო ექსპერტიზა. კერძო კომპანია ადგილმონაცვლეობისთვის დაკვეთილ ანგარიშში წერს, რომ ფასი შეესაბამება ექსპერტიზის ჩატარების დღეს არსებულ საბაზრო ღირებულებას.

რაში და როგორ მოხდა მიწის მონაცვლეობა?

საკრებულოსა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ერთ-ერთია, ვინც ამ საქმეს აქტიურად სწავლობს. ნეტგაზეთს სწორედ მან მიაწოდა საქმეში არსებული დოკუმენტები.

ირაკლი ნადირაძის მონათხრობის თანახმად, 2022 წლის 31 მარტს მოქალაქე თეიმურაზ ცინარიძე წყნეთში, სატყეო ზონაში, მიწის 2 ნაკვეთს ყიდულობს კერძო პირისაგან. ერთი ნაკვეთი 735 კვ.მ-ია, მეორე – 734 კვ.მ. ნასყიდობის ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ორივე მიწაში ცინარიძემ 156 ათასი ლარი გადაიხადა.

“ამ ადამიანმა აბსოლუტურად გააზრებულად სატყეო ზონაში იყიდა ეს ორი მიწა. აქედან 2 თვის თავზე უკვე მიმართავს კახი კალაძეს და ამბობს, რომ მე სატყეო ზონაში შევიძინე 2 მიწა და ჩემი უფლებრივი მდგომარეობა იზღუდება, რადგან აქ ვერაფერს ვაშენებ, ადრე აქ სხვა [სამშენებლო] ზონა იყო და რაკი დაზარალებული ვარ, იქნებ მომინაცვლოთ სხვა მიწაში.

ეს უკანასკნელი არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ამ მიწას 2019 წლიდან ჰქონდა სატყეო ზონის სტატუსი და 2019 წლამდე ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონა იყო, რომელიც არის ძალიან მკაცრი ზონა და ასევე, მშენებლობა არ შეიძლება. ეს ადგილი ყოველთვის იყო ტყე. აქ მშენებლობები არასდროს ყოფილა“, – ყვება ნადირაძე.

თეიმურაზ ცინარიძის განცხადება, რომელზეც დეპუტატი მიუთითებს, 2022 წლის 8 ივნისით თარიღდება. ის წერს, რომ 2009 წლის 5 ივნისს დამტკიცებული ზონირების შესაბამისად, ორივე მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ.-1) – ანუ ის ზონა, რომელზეც მშენებლობა დაშვებულია.

„რომელთაც მოგვიანებით შეეცვალა სტატუსი და განისაზღვრა სატყეო ზონად“, – წერს ცინარიძე.

თეიმურაზ ცინარიძის წერილი მერიას.

2014-2018 წლებში ტერიტორიას [ს/კ – 01.20.15.001.060 – მეორე მიწის ნაკვეთი ამ ტერიტორიის გვერდითაა], რომელზეც ცინარიძე საუბრობს – ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში (ლსზ) ექცეოდა.

ლსზ – წარმოადგენს ისეთ ბუნებრივი ლანდშაფტის, ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველსაყოფი შენობა-ნაგებობების განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად. ეს კარგად ჩანს საჯარო რეესტრის რუკებზეც.

ერთ-ერთი ტერიტორია, რომელიც მერიამ გადაცვალა.

ამჟამად ტერიტორიას ფუნქციური ზონა შეცვლილი აქვს და ტერიტორია სატყეო ზონაა. აქაც მშენებლობების უმეტესობა აკრძალულია.

მერიის არგუმენტაციით, ტერიტორიების გადაცვლა მიზანშეწონილია სარეკრეაციო სივრცისა და მწვანე გარსის შესანარჩუნებლად. უფრო კონკრეტულად, უწყება საკრებულოსთვის წარდგენილ და კახა კალაძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში განმარტავს:

„როდესაც დაწერა კახი კალაძის სახელზე განცხადება, რომ მომინაცვლეთ ეს მიწა ამ მიწებშიო. მიმართა კერძო ექსპერტიზას და ამ ექსპერტიზამ 156 ათასად ნაყიდი მიწა – ისე, რომ აქ არაფერი შეცვლილა, არც ზონა, არც მაგალითად, გზა გაუყვანიათ არც სხვა – 2 თვის თავზე შეუფასა 486 ათას დოლარად. დაახლოებით 10-ჯერ ძვირად, ვიდრე იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა 2 თვე იყო, მერია არ დაინტერესდა ყიდვა-გაყიდვისა და ექსპერტიზის დროს შორის სხვაობით და შეგნებულად თუ შეუგნებლად, მიიღო ეს დოკუმენტები. შესაბამისად, მერიამ 734 კვ.მ და 735 კვ.მ გადაუცვალა ათასობით კვ.მ-ში”.

ნადირაძის თქმითვე, საერთო ჯამში, ადგილმონაცვლეობით მერიამ სატყეო ზონაში არსებული ორი ნაკვეთის (ჯამურად 1469 კვ.მ) სანაცვლოდ კერძო პირს 11 ათასი კვ.მ-ის მიწა მისცა ე.წ. აკადემ-ქალაქის ტერიტორიაზე, ხოლო 2 ათას კვ.მ-მდე – ლისთან.

დეპუტატი დასძენს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ამ მიწების საბაზრო ღირებულება უფრო ნაკლებია, ვიდრე რეალურად.

საპირისპიროს ამტკიცებს კომპანია, რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა. Cushman & Wakefield-ის ექსპერტიზის თანახმად, ცინარიძის მიერ სატყეო ზონაში შეძენილი ტერიტორიების საფასური 486 ათასი დოლარია, ხოლო გადასაცვლელი ტერიტორიების ჯამური საფასური – 475 ათასი დოლარი.

ფიქციური მფლობელი

ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ მათი მოკვლევის შედეგად მოქალაქე თეიმურაზ ცინარიძე მდიდარი არ არის. თუმცა წლების განმავლობაში მუშაობდა ძმები ჭოლაძეების მძღოლად..

გიორგი ჭოლაძე არაერთი წელი მუშაობდა სახელისუფლებო უწყებებში, მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელი.

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში თეიმურაზ ცინარიძე ამბობს, რომ ლევან ჭოლაძეს უკვე 20 წელზე მეტია იცნობს და მეგობრობს. ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება თავდაპირველად სწორედ ტვ პირველმა მოამზადა.

ლევან ჭოლაძე ამბობს, რომ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ პროკურატურაში.

„მე, როგორც სანდო პიროვნება, ვაკეთებდი მაგის საქმეს.. თორემ განცხადებები.. მე კი არ ვწერდი, თვითონ [ჭოლაძე] მიწერდა, ვაბარებდი და.. ვენდობი ადამიანს… იგივე, როგორც მენდობა ბატონი ლევანი – მეც ვენდობი მას. არც ის მომატყუებს და არც მე მოვატყუებ არაფერში“, – ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვების საპასუხოდ ასევე დასძენს, რომ განცხადება მიწების გადაცვლის შესახებ ასევე ლევან ჭოლაძის დაწერილია.

„ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს ამ საქმეში ხელს აწერს თავად კახა კალაძე, ასევე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი – ირაკლი თავართქილაძე“, – დასძენს ირაკლი ნადირაძე.

„[მიწების]გადაცვლის შესახებ გადაწყვეტილება, როდესაც გადიოდა საკრებულოზე, ოპოზიციამ სხდომაზევე გავაფრთხილეთ და ვთხოვეთ დეპუტატებს, რომ ეს იყო ძალიან მძიმე საქმე. ეს იყო კორუფციული გარიგება, რომელიც ხელისგულზე იდო, ფაქტობრივად, და ამ საქმეს აუცილებლად მოჰყვებოდა სასამართლო – ივანიშვილის სასამართლო სისტემის პირობებშიც კი. ამის მიუხედავად საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო”.

რაც შეეხება თავად ჭოლაძეს, ნეტგაზეთის შეტყობინებებს არ უპასუხა. „ტვ პირველთან“ წერილობით კომენტარში ჭოლაძე ადასტურებს, რომ ქონება მართლაც მისია.

„როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო პირი, თავისუფლად შემიძლია ჩემი ქონება გავაფორმო ნებისმიერი ფიზიკური პირის სახელზე. თუ თქვენ გულისხმობთ, რომ მე ამით ვცდილობ საზოგადოებას დავუმალო რაიმე, ვწუხვარ, მაგრამ ცდებით. მე რომ ასეთი სურვილი მამოძრავებდეს, აღნიშნულ ქონებას არ გავაფორმებდი ჩემი მეგობრის სახელზე! რაც შეეხება დამატებითი კითხვის არსს: აღნიშნული ქონება გაფორმებული იყო ჩემი მეგობრის სახელზე მხოლო და მხოლოდ ერთი რეალური მიზეზით – მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული მქონდა გადაადგილების შესაძლებლობა”.

რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, ჭოლაძე ამბობს, რომ არასდროს ყოფილა უკანონო საქმიანობაში ჩართული. ის ეყრდნობა ექსპერტიზას და ამბობს, რომ მონაცვლეობით მიღებული მიწების საერთო ღირებულება უფრო ნაკლებია, ვიდრე წყნეთის ორი ნაკვეთის.

ნადირაძის ინფორმაციით, ოპოზიციამ საქმე სამ უწყებაში შეიტანა – პროკურატურაში, სასამართლოში (საკრებულოს გადაწყვეტილების შესაჩერებლად) და სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში. დეპუტატის თქმით, სააგენტომ მათ შეატყობინა, რომ დოკუმენტაცია პროკურატურას გადაეცა, ხოლო სასამართლოს მიმდინარეობისას გაირკვა, რომ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით დაიწყო.

გაფლანგვისა და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით დაწყებული გამოძიება

როგორც სასამართლო განჩინებაში ვკითხულობთ, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა და მიწის ორ ნაკვეთზე ყადაღა დაადო.

ორივე ეს ნაკვეთი ამჟამად ეკუთვნის შპს „რეპონო საქართველოს“, რომლის დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელი თეიმურაზ ცინარიძეა.

ამასთანავე, განჩინებიდან ირკვევა, რომ პროკურატურამ მიწების გადაცვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, კერძოდ:

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №010220822801 საქმე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით“.

ნეტგაზეთი ელოდება დამატებით დეტალებს პროკურატურისგან. რაც შეეხება თბილისის მერიას, ნეტგაზეთის კითხვებზე საპასუხოდ მერიაში დაგვიდასტურეს მხოლოდ ის, რომ ამჟამად არავინ დაკითხულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი