სამართალი

ბავშთა სოფელში გარდაცვლილ აღსაზრდელზე

4 მაისი, 2010 • • 1324
ბავშთა სოფელში გარდაცვლილ აღსაზრდელზე

შესაძლებელია, თავიდან ყოფილიყო აცილებული ინციდენტი, რომელსაც ბავშთა სოფელში აღსაზრდელის დაღუპვა მოჰყვა, რომ არა ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობა.

სახალხო დამცველი, ბავშთა სოფლიდან ”პირველი ნაბიჯი საქართველო” გამოთხოვილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, რომლებმაც არ განახორციელეს კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები.

სახალხო დამცველმა, გარდაცვლილი აღსაზრდელის გამო, ბავშვთა სოფლიდან ”პირველი ნაბიჯი საქართველო” დოკუმენტაცია გამოითხოვა.

ბავშვთა სოფელში აღსაზრდელი ხატია მექურდიშვილი გარდაიცვალა. დანაშაულში ბრალდებულია გიორგი, ამავე დაწესებულების არასრულწლოვანი. მისი დიაგნოზია მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, სპეციფიკური ქცევითი და ემოციური აშლილობა.

11 აპრილს, გამთენიისას, გიორგი ჩუმად შეიპარა ხატიას საძინებელში, ნაჭრით შეუკრა ხელები, ნაჭერი შემოახვია კისერზე და ბალიშით დაახჩო. შემდეგ ფანჯრიდან გადახტა და გაიპარა. საცხოვრებელი სახლის ხელმძღვანელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და არასრულწლოვანი დააკავეს – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დოკუმენტაციაში, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა ბავშვთა სოფლიდან გამოითხოვა, ნათქვამია, რომ 2007 წლიდან  ორგანიზაციამ ”პირველი ნაბიჯი საქართველო” ოფიციალური წერილით არაერთხელ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს. მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაცია ბავშვთა სოფლიდან გიორგის გადაყვანას ითხოვდა. წერილებში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ჩატარებული დიაგნოსტიკურ-თერაპიული ღონისძიებებისა, ვერ ხერხდებოდა გიორგის ქცევის კონტროლის მართვა. ”მისი საქციელი არ არის პროგნოზირებადი და საფრთხე ექმნება, როგორც აღსაზრდელების, ისე აღმზრდელების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს”.

ბავშვთა სოფელი ”პირველი ნაბიჯი საქართველო” 12 წლის წინ დაარსდა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ზრუნავს.

ორგანიზაციას 2009-2010 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

წერილში, რომელიც ბავშთა სოფლიდან სამინისტროს გაეგზავნა, ნათქვამია, რომ ”ბავშვი, შესაძლებელია, დროთა განმავლობაში გახდეს უმართავი და სოციალურად საშიში, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ “პირველი ნაბიჯის” ოჯახური ტიპის საცხოვრებელი შეუფერებელი გარემოა გიორგისთვის და ადმინისტრაცია ვერ იღებს პასუხისმგებლობას მომავალში განვითარებულ მოვლენებზე.”

”პირველ ნაბიჯს” სამინისტროსგან, მიმართვების მიუხედავად, პასუხი არ მიუღია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მასთან სატელეფონო საუბრებში სამინსიტროს თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ სახელმწიფოს მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვების სათანადო სერვისით უზრუნველყოფა არ შეეძლო-ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

აქვე მითითებულია, რომ ჯანდაცვის სამინისიტროს 2009 წლის 25 მარტის ბრძანებით დამტკიცებული 2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში გათვალისწინებულია ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება, რომელსაც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო ემსახურება.
თუმცა ინფორმაცია ამ ბრძანებულების შესახებ სამინსიტროს ”პირველი ნაბიჯისთვის” არ მიუწოდებია. როგორც ბავშთა სოფელში აცხადებენ, მათთვის ამის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
”სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინსიტროს უმოქმედობამ, შესაძლოა, დაარღვია არასრულწლოვან გიორგი ჩ-ს უფლება, ესარგებლა სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მზრუნველობით …რითაც, შესაძლებელია, თავიდან ყოფილიყო აცილებული ორგანიზაცია ”პირველი ნაბიჯი საქართველოს” ბავშთა სოფელში მომხდარი ინციდენტი.”
გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ ბრალდებული შეურაცხადია, ის გათავისუფლდება სასჯელისგან”-ამბობს საიას იურისტი, მიხეილ ღოღობაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი