სამართალი

ვინ არის ”მიშა”? – პრეზიდენტის იმპიჩმენტი

29 აპრილი, 2010 • 1653
ვინ არის ”მიშა”? – პრეზიდენტის იმპიჩმენტი

 თუ წამალაშვილისა და არველაძის საუბარში ნახსენები „მიშა“ მართლა საქართველოს პრეზიდენტია, გამოდის, რომ მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მეორე  თავი, რომელიც ამბობს, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.“

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით ახალი მემარჯვენეები  პროკურატურასა და პარლამენტში სარჩელის შეტანას აპირებენ. 

ვინ არის ”მიშა”?

იმპიჩმენტის პროცედურას პარლამენტის ერთი მესამედი უნდა უჭერდეს მხარს და უნდა დამტკიცდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაული ჩაიდინა.

მიშა  წამალაშვილისა და არველაძის ჩაწერილ საუბარში ორჯერაა სახსენები.

წამალაშვილი: „მხოლოდ გუშინ მითხრეს, რომ თუ ამას ყველას ვაჩვენებთ, ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს მართლა ხდება.“

არველაძე: „დიახ. ასე უნდა იყოს. შენ იცი, რომ ამის შემდეგ  მიშა გუშინ“…

აქ საუბარი წყდება. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საუბრებს შორის მცირე შეუსაბამობები იყო, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ზოგი ნაწილი ამოჭრილია.

დიალოგის ქვემოთ, არველაძე მეორედ ახსენებს მიშას და ამბობს, რომ იმედის გენერალურმა დირექტორმა  მიშას შესთავაზა, რომ დაადებდა ტიტრებს, თუმცა  მიშამ ასეთი პასუხი გასცა:

„ოჰ, არა! თუ ასე გავაკეთებთ, მთელი ეფექტი დაიკარგება.“

იურისტი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ცალკე უნდა იქნეს გამოძიებული, საუბრის დროს ნახსენები „მიშა“ საქართველოს პრეზიდენტია თუ არა.

„როცა საჭიროა ლოგიკური ჯაჭვის აღდგენა, მაშინ საჭიროა, რომ თითოეული ელემენტი  დამტკიცდეს”, -ამბობს ბარამიძე.

 ეკა წამალაშვილი და გიორგი არველაძე თავიდან უარყოფდნენ, რომ ხმა მათი იყო. შემდგე აღიარეს და ახლა ამბობენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია.

მათ ამ განცხადებას დონალდ რეიფილდი „სასაცილოს“ უწოდებს, რადგან, მისი თქმით, „ნებისმიერი არაპროფესიონალისთვისაც კი გასაგებია, რომ ჩანაწერი ნამდვილია და არავითარ მონტაჟს ან სხვა სახის სიმულაციებს ადგილი არა აქვს.“

ექსპერტები –იზაბელ პიკორნელი  და  დონალდ რეიფილდი დავით გამყრელიძემ დაიქირავა (რომელიც დაახლოებით 5 ათასი ფუნტი დაჯდა). ორივე ექსპერტი თანხმდება, რომ „იმედის“ გენერალურ დირექტორსა და ახალი ამბების პროდუსერ ეკა წამალაშვილს შორის ჩაწერილი საუბარი ნამდვილია.

იმისათვის, რომ დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი, უნდა დაიწყოს გამოძიება, საუბარში ნახსენები მიშა მართლა საქართველოს პრეზიდენტია თუ არა. მისი დამტკიცება ავტომატურად ადასტურებს პრეზიდენტის  მიერ კონსტიტუციის დარღვევას.

 „შეიძლება შესაძლებელია ამის დამტკიცება, შეიძლება – შეუძლებელი, მაგრამ  არველაძეს რომ პრეზიდენტისგან ჰქონდა მითითება, ეს ფაქტი ცალკე მტკიცებას საჭიროებს,“ -ამბობს სანდრო ბარამიძე.

სოზარ სუბარი, საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი და მოძრაობა ”ახალი ალიანსის” თანათავმჯდომარე  ამბობს, რომ ამისათვის უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურაში  და უნდა დაკითხონ გიორგი არველაძე. სუბარის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო  კომისია.

სუბარი მომხდარს „ტერორისტულ აქტს“ უწოდებს, რომელსაც მოჰყვა „მსხვერპლი.“

 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კი აღნიშნა, რომ ამ სიუჟეტით „შეიქმნა ომის განახლების საფრთხე.“

„მეტი რა უნდა მომხდარიყო? ”- ამბობს სუბარი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი