სამართალი

„საქართველოს პრესის ასოციაცია“ სამართლებრივ გარანტიებს ითხოვს

24 აპრილი, 2010 • 1946
„საქართველოს პრესის ასოციაცია“ სამართლებრივ გარანტიებს ითხოვს

25 აპრილს „საქართველოს პრესის ასოციაცია“  საქართველოს პარლამენტს ახალ კანონპროექტს წარუდგენს. კანონპროექტის მიზანია პრესის გავრცელების მონოპოლიზაციისა და დისტრიბუციის ხელისშემშლელი პრობლემების გამოსწორება.

 კანონპროექტის პრეზენტაცია დღეს, ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს“ ოფისში მოხდა. პრეზენტაციას უძღვებოდნენ „საქართველოს პრესის ასოციაციის“ დირექტორი ლაშა ტუღუში, „რეგიონული პრესის ასოციაციის“ დირექტორი ია მამალაძე, ჟურნალ “თბილისელების” გამომცემელი ზაზა ახობაძე.

 „ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების“ შესახებ კანონპროექტის მიზანია, ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების ხელშემწყობი პირობების შექმნა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვისგან. მისი ზემოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მუშაობენ ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებასა და მის გავრცელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე,“– ნათქვამია „პრესის ასოციაციის“ განცხადებაში.

 „კანონპროექტი არის დემოკრატიული, ლიბერალური და მაღალი დასავლური სტანდარტების შესაბამისი.  მისი ძირითადი მიზანია პრესის გაყიდვის ნებართვების გამარტივება. პრესის გავრცელების საკითხი არ უნდა წყდებოდეს კაბინეტებში, მას კანონი უნდა არეგულირებდეს. უნდა გაუქმდეს მოსაკრებლები, რომლებსაც იხდიან ჯიხურების მფლობელები. ამ კანონის მიღებით გაუმჯობესდება ჩვენი მდგომარეობა,“– განაცხადა საქართველოს პრესის ასოციაციის დირექტორმა, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა.

 „გახსოვთ,  თბილისში და რეგიონებშიც პრობლემები შეექმნათ პრესის გამავრცელებელ კომპანიებს. გაჩნდა საშიშროება ქვეყანაში მონოპოლიური სისტემის ჩამოყალიბებისა. მონოპოლიის ჩამოყალიბებით სახელმწიფოს მიეცემოდა საშუალება ბეჭდვითი მედიის გასაკონტროლებლად. ჩვენ ეს პროცესი შევაჩერეთ. აუცილებელია კონკურენტული გარემოს არსებობას კანონპროექტის მიღებით შევუწყოთ ხელი,“– განაცხადა ტუღუშმა.

 კანონპროექტზე „საქართველოს პრესისა“ და „რეგიონული პრესის“ ასოციაციები მუშაობდნენ. „რეგიონული პრესის ასოციაციის“ თავმჯდომარე და გაზეთ „გურია ნიუსის“ რედაქტორი ია მამალაძე ამბობს, რომ რეგიონებში არის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა. პრესის გავრცელების ჯიხურების რაოდენობა ძალზედ მცირეა და არც დისტრიბუციის სისტემაა გამართული.

 „ეს კანონპროექტი გარდა მონოპოლიისა და პრესის გავრცელების ხელშეშლისა, კორუფციის წინააღმდეგაც არის. პრესის გავრცელების სისტემა არის კორუფციული, რადგან ტენდერები ჩატარდა ფარულად,“– განუცხადა „ნეტგაზეთს“ ია მამალაძემ.

კანონპროექტის შექმნაში კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმაც, მიიღო მონაწილეობა. იგი კანონპროექტზე მომუშავე ჟურნალისტებს სამართლებრივ კონსულტაციებს უწევდა.

„კანონპროექტმა უნდა აკრძალოს ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში ჟურნალ–გაზეთების გაყიდვის შეზღუდვა. თუმცა, „ტენტებისა“ და ჯიხურების დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს ესთეტიკურ მოთხოვნასაც. რაც შეეხება დისტრიბუციის პრობლემებს, ეს ალბათ თავად გამომცემლების გადასაწყვეტია, რომელს დაუჭერს მხარს.“

 „ნომენკლატურის გარდა ვერავინ დგამს ჯიხურებს,“– აცხადებს დისტრიბუციის პირობებით უკმაყოფილო ზაზა ახობაძე, ჟურნალ „თბილისელების“ გამომცემელი.

 „მთავრობამ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ დააწესოს კონტროლი მედიასაშუალებებზე. თბილისში (და ახლა უკვე ბათუმშიც) დაიწყეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაზეთის გამავრცელებლების აკრძალვა და ერთ დღეში თბილისში ჩაიდგა პრესის გავრცელების 400–მდე ჯიხური. ამ გზით კომპანია „აუთ დორი“ ტენდერის გარეშე მონოპოლისტად იქცა, რადგან პრაქტიკულად პრესის გავრცელების სხვა ადგილები მცირე დარჩა,“– აცხადებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

 საკანონმდებლო წინადადება შედგება ოთხი კანონპროექტისგან. ძირითადი კანონპროექტი შეეხება ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების პირობებს. მისი მიხედვით, აიკრძალება სანებართვო რეჟიმებისა და მოსაკრებლების არსებობა პრესის ჯიხურების გავრცელებისთვის. დადგინდება სტენდის/ჯიხურის ზღვრული ნორმები.

 „სუბიექტური აკრძალვის თავიდან ასაცილებლად“ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს დაეკისრებათ სტენდისა და ჯიხურისთვის ხუთ–ხუთი ტიპური ესკიზის ნახაზის შექმნა.

 მეორე და მესამე კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უზღუდავს უფლებას არეგულიროს ან აკრძალოს ჟურნალ–გაზეთების გარე ვაჭრობა.

 მეოთხე კანონპროექტით ბეჭდური გამოცემების გაყიდვის ადგილებში (სტენდებზე, ჯიხურებში,) საკონტროლო–სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება გაუქმდება.

 ბეჭდური მედიის წარმომადგენლები კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს შეიტანენ. მათ იმედი აქვთ, რომ პარლამენტის წევრთა უმრავლესობა კანონპროექტის მიღებას მხარს დაუჭერს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი