2017-2021 წლებში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი) საპატიმრო სასჯელი არავის დაკისრებია.
ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია მოწმობს. დოკუმენტში ასახულია ინფორმაცია 2017-2021 წლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობისა და შეფარდებული სასჯელების თაობაზე.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არის დამნაშავედ ცნობილი და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ნიკა გვარამიას დაკავებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები. ერთ-ერთი ბოლო, ვინც საააპელაციო სასამართლოში გვარამიას პროცესის გამართვამდე განცხადება გააკეთა, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი იყო, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.
რას ედავებოდნენ გვარამიას
ბრალდებები, რომლებიც ნიკა გვარამიას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა, ეხება პერიოდს, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ გენერალური დირექტორი(2014-2019) იყო.
ნიკა გვარამიას პროკურატურამ 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ მიხედვით, რომელმაც საქმის მასალები შეისწავლა, ფაქტობრივი გარემოებები შემდეგნაირად ნაწილდება:
- ქონებრივი უფლების გაფლანგვის ეპიზოდი
ბრალდების მხარის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობისას დაარღვია სამსახურებრივი ვალდებულება, არ იმოქმედა კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.
კერძოდ, 2015 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ მოითხოვა 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხასთან შედარებით მცირე ანაზღაურება.
შედეგად, პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან, კახაბერ დამენიასთან ერთად გაფლანგა 2015 წლის 16 იანვრის გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლება და კომპანიამ 6 763 509 ლარის მატერიალური ზიანი განიცადა.
ეს ბრალდება გვარამიას სსკ-ის 182-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
- კომერციული მოსყიდვის, აგრეთვე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ეპიზოდი
ბრალდების თანახმად, „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, 2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ სარგებლის სახით უძრავი ქონება (ორი ბინა) მიიღო.
პროკურატურისვე ვერსიით, უძრავი ქონების მიღების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 5 და 25 ივლისს გაფორმდა ყალბი (ფიქტიური) სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნულის საფუძველზე კი, ვითომდა სასესხო ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორმა ნიკა გვარამიას ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.
ეს ბრალდება გვარამიას სსკ-ის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.
- ფულის გათეთრების ეპიზოდი
პროკურატურის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ უძრავი ქონება მიიღო, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განიზრახა.
როგორც პროკურატურა ამბობს, „დანაშაულებრივად მიღებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროსა და საკუთრების შენიღბვის მიზნით, 2017 წლის 7 ივლისსა და 26 სექტემბერს ნიკა გვარამიამ უძრავი ქონება 602 521.80 ლარად გაასხვისა, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.“
ეს ბრალდება გვარამიას სსკ-ის 194-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქმის შესწავლის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.
რომელ ბრალდებებში გამართლდა გვარამია
მოსამართლემ ნიკა გვარამია გაამართლა:
- სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში(ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);
- სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით წადგენილი ბრალდების ნაწილში(კომერციული მოსყიდვა იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას…);
- სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წადგენილი ბრალდების ნაწილში(უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).
რაში გამტყუნდა, ანუ რის გამო დააპატიმრეს გვარამია
ბრალდებებზე, რომელთა გამოც ნიკა გვარამია დააპატიმრეს, პროკურატურა სსკ-ის 182-ე მუხლით(მითვისება ან გაფლანგვა) დავობდა. საუბარია ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე.
პირველი, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი ეხება პროკურატურის ბრალდებას, რომლის თანახმადაც გვარამიამ, კომპანიის ფინანსური დირექტორთან ერთად, 6 763 509 ლარი გაფლანგა.
მეორე, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდში, პროკურატურა დავობდა, რომ ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდნენ 76 ათას ევროს (232 201 ლარი) ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ავტომანქანა “გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა”.
“მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას”, — აღნიშნავს უწყება.
აღნიშნული ბრალდებები, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სსკ-ის 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა. აღნიშნული მუხლი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
შედეგად, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე როგორც გვარამია, ისე დამენია, 50 000-50 000 ლარით დააჯარიმეს. მეორე ეპიზოდზე კი ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
უფრო მკაცრმა სასჯელმა(პატიმრობა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი(ჯარიმა) შთანთქა და საბოლოოდ, გვარამიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.