სამართალი

რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმები

1 აპრილი, 2010 • 1986
რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმები

ბოლო ორი წელია რელიგიური მოტივაციით ჩადენილ სამართალდარღვებს სულ უფრო იშვიათად ეძლევა სათანადო კვალიფიკაცია– ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის  ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდში, რომელიც გასული წლის მეორე ნახევრის მოვლენებს ასახავს, ომბუდსმენი იმ შემთხვევებზე საუბრობს, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებულ დევნისა და თავდასხმის ფაქტებს უკავშირდება.

თავდასხმის 7 ფაქტიდან,  6 შემთხვევა იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელდა, ერთი კი – ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესიის მიმართ.

რაც შეეხება ამ თავდასხმების გამოძიების პროცესს, არცერთი არაა  დასრულებული. 7–დან მხოლოდ ექვს ფაქტზე აღიძრა საქმე, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივაციით ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნორმით. საქმეები ძირითადად აღძრულია  ნივთის დაზიანების, მუქარის , ჯანმრთელობის დაზიანების მუხლებით. ამ დრომდე არც ერთი პირი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

„ერთ შემთხვევაში თავდამსხმელი აცხადებდა, რომ თავად იყო სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი.“– ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი იმ ტენდენციაზე საუბრობს, რომელიც 2008 წლიდან გამოიკვეთა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ წლების მანძილზე სულ უფრო იშვიათად ეძლევა სათანადო კვალიფიკაცია რელიგიური მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებს.

რაც შეეხება პერიოდს, 2008 წლამდე, ევროპის საბჭოს რასიზმის და შეუწყნარებლობის კომისიის სრეკომენდაციის შემდეგ, 2006 –07 წლებში 17 ადამიანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქარტველოში, აქედან 9–ს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სახალხო დამცველი პრევენციულ ზომებზე საუბრობს, რომლის გატარებაც აუცილებელია, რათა არ წახალისდნენ ის ადამინები, რომლებიც სხვა რელიგიების წარმოამდგენლების მიმართ  შეუწყნარებელები არიან.

ლიბერალური საგადასახადო გამონაკლისი

საკანონმდებლო ნორმები მხოლოდ ერთი კონკრეტული ეკლესიის მიმართ ადგენს რეგულირების რეჟიმს, რაც არათანაბარ გარემოში აქცევს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს,– ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

რელიგიური ორგანიზაციები და ზოგადად რელიგიური საქმიანობა თავისუფალია გადასახადებისგან. ეს კანონი კი კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე რეგულირდება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის  არსებობს.

რაც ნიშნავს, რომ საღთისმსახურო ნიხრით წარმოებული ან შემოტანილი პროდუქცია თუ შემოწირულობა, ასევე არსებული ქონება და მიწა თავისუფალია გადასახადებისგან. გარდა ამისა მოგების გადასახადისგან განთავისუფლებულია რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრის, სანთლის, ხატის თუ წიგნის  რეალიზაციით მიღებული მოგება. 

სახელმძღვანელო, რომელიც არ არსებობს

რელიგიის ისტორია, საქართელოში არსებულ სკოლებში კვლავ არ ისწავლება, მიზეზი კი სახელმძღვანელოს არარსებობაა– ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო სკოლებში იკრძალება პროზელიტიზმი, ინდოქტრინაცია და არააკადემიური მიზნით რელიგიური სიმბოლოების გამოყენება. მიუხედავად ამისა, სკოლების ადმინისტრაციის და პედაგოგების მხრიდან,აღნიშნულ კანონდარღვევს ხშირად აქვს ადგილი.

ხოლო რაც შეეხება სახელმძღვანელოს, ”რელიგიის ისტორია” – ამ სახელწოდებით არსებობდა რამდენიმე სახელმძღვანელო. მათ შორის ერთი, რეზი თვარაძის ავტორობით. აღნიშნული სახელმძღვანელო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სასამართლოში შეტანილი საჩივრის შედეგად ამოიღეს სწავლებიდან. რეზი თვარაძის სახელმძღვანელო მოგვიანებით სხვა სახელწოდებით გამოსცეს.

ციხეები სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის

2008 წლის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხვა კონფესიების წარმომადგენელთა შესვლა გართულდა და საპატრიარქოს ნებართვის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელიც კი გახდა,– ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. განსხვავებული იყო მდგომარეობა 2006 წელს .  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის შედეგად გაადვილდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხვა კონფესიის ღვთისმსახურთა შესვლა.

რაც შეეხება სხვა კონფესიების წარმომადგენლებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი თქმით, მიუღებელია ნებართვის თხოვნა საპატრიარქოსგან.

ეკლესიათა შორის დავის გადაუჭრელობა ტაძრების ნგრევის მიზეზი ხდება

საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ეკლესიების დაბრუნების საკითხი, გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სადავოა რამდენიმე ეკლესია, მათ შორის 5 თბილისში და ერთი ახალციხეში, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს, როგორც საქართელოს საპატრიარქო, ასევე სომეხთა სამოციქულო ეკლესია. ეს უკანასკნელი საქართველოს სახელმწიფოსგან ეკლესიების დაბრუნებას მოითხოვს.

საქართელოს სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ამ დავის გადაჭრა მისი პრიორიტეტია, არ მოქმედებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „იგი პრობლემის გადაჭრას ერიდება საქართველოს საპატრიარქოსა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შორის კონსენსუსის მიღწევის გარეშე, რამდენადაც ითვალისწინებს ამ ორი ეკლესიის ავტორიტეტს.“ შედეგად კი, ჩამოინგრა სურბ–მინასის სახელით ცნობილი ტაძრის გუმბათი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში მყოფი 5 ტაძრის უკან დაბრუნებას ითხოვს კათოლიკური ეკლესია. ხუთივე მათგანი 1990–იან წლებში საქართელოს სახელმწიფომ გადასცა საპატრიარქოს. აღნიშნული ტაძრები კი საქართველოს გასაბჭოებამდე კათოლიკური ეკლესიის მფლობელობაში იყო.

მუსლიმთა თემი კი საქართველოს სახელმწიფოსგან ორი აჭარის ტერიტორიაზე მყოფი მეჩეთის დაბრუნებას ითხოვს  და ხუთი მეჩეთის სარგებლობაში გადაცემას, რომელიც ახალციხე–ადიგენში მდებარეობს. ამ დროისთვის ხუთივე მეჩეთი, რომელიც ადგილობრივი მესხების მიერ იყო აშენებული მე–19, მე–20 საუკუნეებშ, გაუქმებულია. იქ ახლა ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

„სოფელში დგას მიტოვებული მეჩეთი, რომელიც საქონლის სადგომ ადგილადაა ქცეული, ხოლო მესხები მის დაბრუნებას ვერ ახერხებენ“, –ნათქვამია ანგარიშში.

რელიგიურ ნიადაგზე შეჩერებული მშენებლობები

ოქტომბერში მიღებული ნებართის საფუძველზე იეღოვას მოწმეები, რელიგიური მიზნით შენობის მშენებლობას გეგმავდნენ, თუმცა მათ წინააღმდეგ ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მოსახლეობა და სასულიერო პირები გამოვიდნენ. აქციების მოწყობის და ობიექტზე რამდენიმე თავდასხმის შემდეგ, შენების პროცესი შეჩერდა. ხოლო ადგილობრივმა მუნიციპალურმა სამსახურმა იეჰოვას მოწმეებს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეუჩერა,– ნათქვამია სახალხო დამცველია ანგარიშში.

გარდა ამ კონკრეტული ფაქტისა, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში მდებარე, მათი განცხადებით, ისტორიული მეჩეთის აღდგენის უფლების მოპოვება. ასევე, გაჭიანურდა ახალციხეში რაბათის ისტორიულ უბანში კათოლიკეებისთვის ისტორიული ეკლესიის ნანგრევის გადაცემა. „გაჭიანურების მიზეზად მუსლიმები და კათოლიკეები საპატრიარქოსგან ნებართვის არარსებობას ასახელებენ.“

შეუწყნარებელი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი

შეუწყნარებლობის გამოვლინებათა შორის ყველაზე დიდი ადგილი სახალხო დამცველის ანგარიშში „მართლმადიდებელ მშობელთა“ კავშირს ეთმობა.

პირველი ფაქტი მუსლიმებით დასახლებულ სოფელ ტალავერს უკავშირდება, „სადაც 50–70 კაციანი ჯგუფი ქსენოფობიური რიტორიკით მიმართავდნენ მოსახლეობას, უწოდებდნენ მათ სტუმრებს საქართველოში და მეჩეთის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ.“

რაც შეეხება ნებართვას, აღნიშნულ ადგილას მეჩეთის მშენებლობის კანონით დადგენილი უფლება, სახელმწიფოს მხრიდან მათ არ ჰქონდათ.

ამავე ორგანიზაციის მხრიდან შეუწყნარებლობის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა კათოლიკეების მიმართ.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი