სამართალი

წყნეთში გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმეზე პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

21 აპრილი, 2022 • 1509
წყნეთში გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმეზე პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წყნეთში მოქალაქის „გაუფრთხილებლობით მკვლელობაში“ ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება 21 აპრილს, 12:07 საათზე გამოაცხადა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ.

ბრალდების მხარე, – რომელსაც პროკურორები, ლევან ქუთათელაძე და არსენიშვილი წარმოადგენდნენ, – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

დაცვის მხარეს (ადვოკატები, ირაკლი ჩომახაშვილი და თეონა გვაზავა) ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ წარუდგენია, მხოლოდ განაცხადა, რომ მოსამართლის განჩინებაში არ უნდა ჩაიწეროს „ხელოვნური რისკები“, – მიმალვა და ახალი დანაშაულის ჩადენა, – რადგან ბრალდებული თავად გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში და ნანობს მომხდარს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

ერიკ წურწუმიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 ივნისს, 13 საათზე ჩაინიშნა.

რას ამბობს გამოძიება?

გამოძიების ვერსიით, 18 აპრილს თბილისში „სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი [ერიკ წურწუმია] და სამმართველოს უფროსი, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილას მივიდნენ“.

გამოძიების ვერსიით, მოვლენები ასე განვითარდა:

  • „შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი [ზურა გველესიანი] მიწაში რაღაცას ეძებდა.
  • მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული.
  • მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა.
  • პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი