სამართალი

პატიმრის გარდაცვალების გაურკვეველი მიზეზები

8 აგვისტო, 2011 • 1515
პატიმრის გარდაცვალების გაურკვეველი მიზეზები

რა გახდა 30 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი – მართლა ჰქონდა თუ არა ადგილი წამებას, როგორც ამას უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ვარაუდობს? გარდაიცვალა  თუ არა იგი ტუბერკულოზით? და თუკი ეს ასე მოხდა, ჩაუტარდა თუ არა პატიმარს ადეკვატური მკურნალობა? – სახალხო დამცველი აპირებს პროკურატურას ნადიმ ცეცხლაძესთან დაკავშირებული მასალები გადაუგზავნოს.

 პატიმარი, რომელიც 18 მარტს გამთენიისას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა და რომლის ცხედარსაც დაზიანებების კვალი აქვს, ფაქტობრივად, აღარ იყო პატიმარი. გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ  გარდაცვალების დროისთვის მას უკვე გადავადებული ჰქონდა სასჯელი ავადმყოფობის გამო. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ გარდაცვლილ ნადიმ ცეცხლაძის ცხედარს არ ჩატარებია ექსპერტიზა. ტუღუში განმარტავს, რომ  ექსპერტიზა სავალდაბულოა პატიმრის გარდაცვალების შემთხვევაში. ცეცხლაძეს, რომელსაც სასამართლომ სასჯელი გარდაცვალებამდე გადაუვადა, კანონის ეს პუნქტი აღარ შეეხო.

უნდობლობის გამო გარდაცვლილის ოჯახმა ცხედრის გაკვეთაზე უარი განაცხადა. თუმცა დღეს  ოჯახი აპირებს პროკურატურას საჩივრით მიმართოს და ექსპერტიზა მოითხოვოს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ორგანიზაცია “პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა. 

კაკაბაძე ამბობს, რომ პატიმრის გარდაცვალების მიზეზი წამებაა. გუშინ მან გაავრცელა  ფოტომასალა, რომელზეც გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებებია აღბეჭდილი.

“ყველა იმ დაზიანების კვალით, რომელიც მას სხეულზე აღენიშნება, მაგალითად, იარები კოჭის  არეში, ასევე საეჭვო დამწვრობის კვალი ქუსლზე და ქუსლის ზედა მხარეზე, ასევე ნაჭდევი კვალი იმ ადგილას, სადაც ტერფი  და კუდუსუნთან დაზიანება მაფიქრებინებს, რომ ნაწამებია”, – ამბობს კაკაბაძე და დასძენს – ”სამედიცინო დასკვნაში წერია რომ ის არ იყო კონტაქტური, წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო, თავს ვერ იკავებდა, ეს არ შეიძლებოდა განვითარებულიყო რამდენიმე საათში.  ვერანაირი დაავადება ამას ვერ გამოიწვევდა”.

პატიმრის ოჯახმა თავდაპირველად სწორედ კაკაბაძეს  მიმართა დახმარების მოთხოვნით.

კაკაბაძე ამბობს, რომ მამამ 10 თებერვალს ინახულა პატიმარი და ნორმალურად იყო, მომდევნო ვიზიტის დროს, 22 თებერვალს კი მას განუცხადეს, რომ პატიმარი 11 თებერვალს გეგუთის ¹8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სწორედ ამის შემდეგ მიმართეს ოჯახის წევრებმა ნანა კაკაბაძეს, ამ უკანასკნელმა კი სახალხო დამცველის ოფისს. 

ომბუდსმენის წარმომადგენლებმა პატიმარი 5 მარტს მოინახულეს.

“ჩვენმა სამედიცინო ექსპერტმა და მონიტორინგის თანამშრომელმა პატიმარი მოინახულეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, იმდენად, რომ მასთან დაკონტაქტება ვერ მოახერხეს, რათა აეღოთ თანხმობა ჩვენი მხრიდან მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გახმაურებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ტუღუში. 

სახალხო დამცველი ამბობს, რომ  ომბუდსმენის ოფისის სამედიცინო ექსპერტს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეუმოწმებია: “შემოწმებას არ ექვემდებარებოდა, იმის გამო,  რომ იყო ნახევრად ბოდვით მდგომარეობაში”.

ტუღუში ამბობს, რომ პატიმარს მსჯავრდებვულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალიზებული კლინიკიდან მოყვანილი ექიმი მკურნალობდა.

“ჩვენ დავსვით  მისი (პატიმრის) შესაბამის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი– ესაა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, მაგრამ მაშინ ექიმმა თქვა ტრანსპორტირება, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია  ვერ გეტყვითო”. 

გიორგი ტუღუში არ ამბობს, რომ პატიმარი ნაწამებია: “ჩვენმა ექიმმაც ნახა ეს დაზიანებები, როცა ის ჯერ კიდევ 5 მარტს მოინახულეს და  განაცხადა რომ მას სხეულზე ჰქონდა არაერთი ფუფხი.  თუმცა მისი ვარაუდით ეს ფუფხები ასევე შეიძლება იქნას წარმოქმნილი იმ დაავადებისგან რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალ  პატიმარს ჰქონდა.  ჩვენმა ექიმმა ვერ მოახერხა მისი მთლიანად დათვალიერება, რადგანაც პაციენტის განძრევა იმ პერიოდში შეუძლებელი იყო. ზურგი არ უნახავს, დღესაც ვესაუბრე. ასე რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა დაველოდოთ თუნდაც გარეგანი დათვალიერების შედეგებს და იმას თუ რას იტყვიან ექსპერტები”.

ექსპერტების  გარეგანი დათვალიერების შედეგები დღეს გახდება ცნობილი. 

ომბუდსმენი გეგმავს პატიმართან დაკავშირებული საქმის მასალები პროკურატურას გადაუგზავნოს. საჩივრის შეტანას აპირებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც.

ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, 30 წლის ნადიმ ცეცხლაძე სასჯელს სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვების გამო იხდიდა. 2008 წლის აგვისტოში, კონფლიქტის დროს, იბრძოდა ცხინვალთან, აგვისტოს მეორე ნახევარში კი მძიმე ოჯახურ პირობების გამო შვებულებაში გავიდა. “მეუღლისა და მოხუცი მამის ავადმყოფობის მიზეზით მან ბათუმში დისლოცირებულ ნაწილში დროულად დაბრუნება ვერ მოახერხა, რის გამოც 2009 წლის 6 სექტემბერს გაასამართლეს საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (“სამხედრო ნაწილის თვითნებური მიტოვება”)” – ამბობს ნანა კაკაბაძე.   

ცეცხლაძეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით (და პირობითი – 5 წლით). პატიმრობაში მან ექვსნახევარი თვე დაჰყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი