სამართალი

გაუპატიურება, მკვლელობა – HRW რუსი ჯარისკაცების ომის დანაშაულებს აღწერს

3 აპრილი, 2022 • 3730
გაუპატიურება, მკვლელობა – HRW რუსი ჯარისკაცების ომის დანაშაულებს აღწერს

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ ჩერნიჰივის(ჩერნიგოვი რუსულად), ხარკოვისა და კიევის ოლქებში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ომის არაერთი დანაშაული აღწერა.

HRW აცხადებს, რომ ეს დანაშაულები 27 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში მოხდა, როდესაც შესაბამის ტერიტორიებს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ. ორგანიზაცია 10 ადამიანს ესაუბრა, რომლებიც მომხდარის მსხვერპლები და მოწმეები არიან.

4 მარტს ქალაქ ბუჩაში, რომელიც კიევიდან 30 კმ-ში მდებარეობს, რუსმა ჯარისკაცებმა წრეზე დაყენეს 5 კაცი, რომელთაგან ერთი მოკლეს. მოწმემ HRW-ს განუცხადა, რომ ჯარისკაცებმა უკრაინის მოქალაქეებს აიძულეს მუხლებზე დამდგარიყვნენ, თავზე გადააფარეს მაისურები და ერთ-ერთს უკნიდან ესროლეს კეფაში.

27 თებერვალს ჩერნიჰივის ოლქი სოფელ სტარი ბიკივში რუსებმა წრეზე დააყენეს 6 კაცი და ყველა დახოცეს – ამბობს ერთ-ერთი მოკლულის დედა, რომელიც ახლოს იყო როდესაც მისი შვილი და კიდევ 5 კაცი დააკვეს და შემდეგ მათი ცხედრებიც ნახა.

4 მარტს კიევის მახლობლად სოფელ ზაბუჩჩიასთან 60 წლის კაცს და მის შვილს მოკვლით დაემუქრნენ მას შემდეგ რაც სარდაფში მონადირის შაშხანა და ბენზინი უპოვეს. კაცის თქმით, ერთ-ერთი ჯარისკაცი აპირებდა კიდეც მათ დახოცვას, თუმცა მეორემ შეაჩერა. ეს ამბავი კაცის შვილმაც დაადასტურა.

6 მარტს კიევის ოლქის სოფელ ვორზელში რუსმა ჯარისკაცებმა კვამლის ბომბი შეაგდეს სახლის სარდაფში შემდეგ კი მოკლეს ქალი და მისი 14 წლის შვილი, რომლებიც თავშესაფრიდან ამოვიდნენ. ამავე ცნობის თანახმად, ბავშვი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო ქალი მოგვიანებით.

ხარკოვის ოლქში მცხოვრებმა ქალმა HRW-ს მოუყვა, რომ რუსმა ჯარისკაცმა ის რამდენიმეჯერ გააუპატიურა სკოლის შენობაში, სადაც ის ოჯახთან ერთად აფარებდა თავს. ქალი ჯარისკაცმა ასევე სცემა და ჭრილობები მიაყენა დანით, რასაც HRW-ს თქმით, ადასტურებს ქალის მიერ მათთვის ნაჩვენები დაზიანებების ამსახველი ფოტოები.

HRW-თან ინტერვიუში არაერთი გამოკითხული აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები იპრავდნენ საჭმელს, ტანსაცმელს, ბენზინს და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი