სამართალი

სასამართლომ კეზერაშვილს და ნინუას 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

29 მარტი, 2022 • 2078
სასამართლომ კეზერაშვილს და ნინუას 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა უწყების სარჩელი და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას, სამინისტროს სასარგებლოდ, სოლიდარულად დააკისრა 5 060 000 ევროს ექვივალენტის ლარში გადახდა.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა დამნაშავედს ცნეს. როგორც სამინისტრო აცხადებს, ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში ფლობს ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის 51%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი