სამართალი

გვჭირდება თუ არა კანონი ლუსტრაციის შესახებ

3 მარტი, 2010 • 2938
გვჭირდება თუ არა კანონი ლუსტრაციის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას, მედიას და ომბუდსმენს თხოვენ შეისწავლონ გაზეთ “ვერსიაში” გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი დადანაშაულებულია რუსეთის სპეცსამსახურის აგენტობაში. დეპუტატ გია თორთლაძეს კი პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი შეაქვს. რა დოკუმენტაცია ინახება  შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში?

 

22 თებერვალს, გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნდა სტატია ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“  ხელმძღვანელის, არნოლდ სტეპანიანის შესახებ. სტატიაში  საუბარია სტეპანიანის აგენტურულ საქმიანობაზე. საგაზეთო პუბლიკაციაში გამოყენებულია ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე გამოქვეყნებული მასალები: უშიშროების აგენტის, სახელად  „შვარცის“ ანკეტა, რომელიც  თითქოს არნოლდ სტეპანიანია. ასევე, მისი აგენტურული მიმოწერა.

სტატის ავტორი არნოლდ სტეპანიანს ღიად სდებს ბრალს აგენტურულ საქმიანობაში. მტკიცებულებად გამოყენებული მიმოწერა რუსულ ფორუმზე 2010 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიის დაბეჭდვიდან რამდენიმე დღეში ეს გვერდი ინტერნეტფორუმზე წაშალეს.

26 თებერვალს, სახალხო დამცველის ოფისში  ქართული არასმთავრობოები შეიკრიბნენ. მათ იმსჯელეს ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციის მცდელეობებზე, მათ შორის სტეპანიანთან დაკავშირებული ამბავიც გაიხსენეს. საბოლოოდ მათ მიმართეს ხელისუფლებას, მედიასა და სახალხო დამცველს. მიმართვაში წერია:

• საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონების სრული დაცვით შეისწავლონ გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია და უზრუნველყონ შედეგების სრული გამჭვირვალობა;

• მედიასაშუალებებმა დაიცვან პროფესიული ეთიკის სტანდარტები; პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პიროვნების პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას.

• თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სახალხო დამცველმა მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ კამპანიაზე;

მიმართვის სრული ტექსტის ნახვა შეგიძიათ აქ: http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4713〈=ge

მედიასაშუალებებში, რომლებსაც არასამთავრობო ორნანიზაციები პროფესიული ეთიკის დაცვას მოუწოდებენ,  სუკის თუ ფეესბეს აგენტობის თემა მუდამ აქტუალურია.

 თუმცა, თუ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ქართულ კანონმდებლობაში დღეს ყველაფერი ნათელია – სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ და აგენტურული საქმიანობის აღმოჩენის შემთხვევაში გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები,  “სუკის აგენტების”  საკითხი არაფრით რეგულირდება.  

ქართულ მედიას სხვადასხვა პიროვნებაზე ხშირად  გამოუქვეყნებია უშიშროების გაურკვეველი წარმოშობის საარქივო მასალები.  მსგავსი მასალები დღესაც ხშირად ქვეყნდება სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე.

ბექა მინდიაშვილის, სახალხო დამცველის აპარატის თავისუფლებისა და თანასწორობის სექტორის ხელმძღვანელის ინფორმაციით 1993  წელს გაზეთმა „იბერიამ“  ქართულ ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ გამოაქვეყნა მსგავსი მასალები.

აგენტურული ანკეტები, მიმოწერა, ფოტოები  და ა.შ., მსგავსი მასალები დღესაც ხშირად ქვეყნდება სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე.

მინდიაშვილი ამბობს, რომ  : „ ჩვენ არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ დოკუმენტების ავთენტურობასა და ფალსიფიკაციაზე. ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებამდე სულ იქნება საფრთხე, რომ ვიღაცას რაღაცას დააბრალებენ. შეიძლება ხვალ იგივე ტიპის დოკუმენტები ნებისმიერი ჩვენგანის შესახებ გაავრცელონ. ამის პრევენციისთვის კანონის მიღება აუცილებელია“.

საქართველოში ლუსტრაციის კანონი წლებია ვერ  მიიღეს. საქართველოსგან განსხვავებით, ეს კანონი მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და გერმანიამ გაერთიანების შემდეგ. 

ბექა  მინდიაშვილი ფიქრობს, რომ „კონსოლოდაცია და შეთანხმება უნდა მოხდეს იმაზე, თუ სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი. უნდა  გადავწყვიტოთ, ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოთა შორის ვიქნებით,  რომელზეც რუსეთი ცდილობს თავისი  ძალაუფლების თავსმოხვევას, თუ ევროატლანტიკური სამყაროში, დასავლეთში.  უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია ლუსტრაცია. სხვა საქმეა როგორ, რა ფორმებით განხორციელდება ეს ყველაფერი“.

მინდიაშვილის აზრით, ადამიანები, რომლებიც თავის დროზე არსებული რეალობის შესაბამისად  თანამშრომლობდნენ  სპეცსამსახურებთან, ემსახურებოდნენ საბჭოთა რეჟიმს. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებლობა მიიღო, მოხდა ამ თანამშრომლობის სრული დელეგიტიმაცია. სანამ კონკრეტული ადამიანების კონკრეტული საქმიანობა არ იქნება დელეგიტიმირებული და სანამ ამ ადამიანებს ექნებათ სხვადასხვა თანამდებობების დაკავების საშუალება, მანამდე ჩვენ გამუდმებით გვექნება  იმის განცდა, რომ ვიღაც მეხუთე კოლონა, ვიღაცის ხელით, რაღაცას აკეთებს საქართველოში.  ასეთ დროს კი ნებისმიერს დააბრალებენ აგენტობას“.

ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება ბოლო თვეებში კვლავ აქტუალური გახდა. პარლამენტარმა გია თორთლაძემ ამ საკითხზე მოამზადა კანონპოექტი და პარლამენტს განსახილველად 2009 წლის სექტემბერში წარუდგინა. ჯერჯერობით, პარლამენტს  კანონპროექტი არ განუხილავს. კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ გასულ წლებში პარლამენტში სხვა პოლიტიკოსებმაც რამდენჯერმე წარადგინეს.

საქართველოს სახალხო დამცველის პრესამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გია თორთლაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი სახალხო დამცველის აპარატისთვის ჯერ არ გადაუციათ. როცა ეს მოხდება, გიორგი ტუღუში სწორედ ამის შემდეგ გაავრცელებს საკუთარ შეხედულებებს, რეკომენდაციებსა და წინადადებებს ლუსტრაციასთან დაკავშირებით.

კანონის მიღების შემდეგ სპეციალურმა კომისიამ უნდა გახსნას სუკ-ისა და კომუნისტური პარტიების არქივები _ 1921-დან  1991 წლამდე. ამ არქივებში განსაკუთრებით საინტერესო იქნება საბჭოთა უშიშროების ჯაშუშებისა და თანამშრომლების პირადი საქმეები.

შსს-ს საარქივო დეპარტამენიტის ხელმძღვანელი ომარ თუშურაშვილი ამბობს, რომ ლუსტრაციის კანონის მიღება შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.  მიზეზი კი უშიშროების არქივის ახლანდელი მდგომარეობაა.

„1990 წელს საბჭოთა უშიშროების არქივი გაიტანეს ქალაქ სმოლენსკში. მაშინ საქართველოს უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები ჩადიოდნენ სმოლენსკში და ანადგიურებდნენ  დოკუმენტებს. გატანილი დოკუმენტების ნაწილი, დაახლოებით 30% -ი საქართველოში მალე  დააბრუნეს. თბილისის სამოქალაქო ომის დროს, 1991 წელს, დოკუმენტების დიდ ნაწილი ხანძარმა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ 20%.  გადარჩენილებს შორისაა სისხლის სამართლის საქმეების ფონდი 1921-დან 1990 წლამდე.  ასევე შემორჩენილია ცეკას არქივი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 2.5 მილიონ ერთეულს. ეს არქივი 2007 წელს  პრეზიდენტის ბრძანებულებით გადმოეცა შსს-ს და ის ნებისმიერი მსურველისთის ხელმისაწვდომია.

ომარ თუშურაშვილის თქმით,  ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღების შემდეგ საუბარი იქნება უშიშროების თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სიების  გახსნაზე. ამჟამად უშიშროების არქივში არ ინახება არც ერთი საიდუმლო თანამშრომლის პირადი საქმე . ნაწილი სმოლენსკში გაიტანეს, ნაწილი კი განადგურდა. დანარჩენი ინფორმაცია რუსეთის არქივებშია განთავსებული და საქართველოს უარი ეთქვა მათ გადმოცემაზე.

ომარ თუშურაშვილი: „არ გამოვრიცხავ,  რაღაც სიები არსებობდეს, მაგრამ ვფიქრობ, სრულყოფილი ინფორმაციის მიღება ძნელი იქნება“.

 

ლუსტრაცია:

სახალხო დამცველის ოფისის რეგულარულ გამოცემაში „სოლიდარობა“  №6(15):

„აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და კანდიდატთა შემოწმების განსაკუთრებული პროცედურაა, რომლის მიზანია გამოარკვიოს წარსულში ამ პირების კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისადმი ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი კუთვნილება ან გამოამჟღავნოს ფაქტები ამ სამსახურებთან მათი თანამშრომლობის შესახებ. ლუსტრაცია ხორციელდება სპეციალური კანონების საფუძველზე (მათი უმრავლესობა 1990-1993 წლებში მიიღეს), როგორც წესი, სპეციალური ორგანოს მიერ (მაგალითად, უნგრეთში ლუსტრაციას ახორციელებდა პარლამენტის მიერ არჩეული კომიტეტი, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგებოდა). თუ ლუსტრაციის პროცესში დასტურდება ტოტალიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობის ფაქტები, პიროვნებას აქვს არჩევანი თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებასა (გამომჟღავნებული ფაქტების საიდუმლოდ შენახვის გარანტიით) და თანამდებობის იძულებით დატოვებას შორის (მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით). ლუსტრაცია, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი აქტია, მისი მიზანია მორალური განწმენდა, მორალური კათარზისი, გნებავთ, როგორც პოლონეთში ამბობენ, “მენტალობის ჰიგიენა და დეზინფექცია”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი