სამართალი

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

20 იანვარი, 2022 • 596
სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

შესაბამისად, ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე საპატიმროს 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვებენ.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, არალეგალური გზით შემოვიდა და პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ელგუჯა ცომაიასთან ერთად დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებოდა კიდევ სამი პირი: მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.

გიორგი ნარიმანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით წაუყენეს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წოწორიებსა და ელგუჯა ცომაიას თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს და 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოგვიანებით, სამივე მათგან ბრალი დაუმძიმდა 344-ე პრიმა მუხლით, რაც მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას ან მისთვის შესაბამისი პირობების შექმნას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი