სამართალი

სააკაშვილი განმარტავს მიზეზებს, რატომ დაბრუნდა უკრაინიდან საქართველოში

29 ნოემბერი, 2021 •
სააკაშვილი განმარტავს მიზეზებს, რატომ დაბრუნდა უკრაინიდან საქართველოში

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა ის გარემოებები, რის გამოც მიმდინარე წლის სექტემბრის მიწურულს საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში  ყველა პირობა ჰქონდა, მათ შორის, ფუფუნება და მაღალი სტატუსი:

„ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ამ ყველაფერზე, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანს, რომ ყველა ზემოხსენებული, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაში, გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი ძალიან დაბალია.

…ყველაზე მეტად მე რაც მამოძრავებს და ის მიზეზი, რატომაც აქ ვარ და ეს არის ის, რომ მე მართლაც მიყვარს უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების 17 წელზე მეტი გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე“.

სააკაშვილის თქმით, წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები, ოჯახის წევრები და მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. მათ შორის, ასახელებს ეკონომიკურ მიზეზებს — ქვეყანაში უმუშევრობასა და სიღარიბეს.

„თქვენ იცით, რა ხდება საქართველოში, ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ვალუტის კურსი დაეცა ორჯერ და ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისიდან შევარდნაძის [პერიოდთან] მიმართებით გავაძლიერეთ ვალუტა 28%-ით და იმის შემდეგ კიდევ გავაძლიერეთ.. იმის შემდეგ დაიკლო ორჯერ, ფასები გაიზარდა, ხელფასები პრაქტიკულად არ გაზრდილა.. მასობრივად გარბის ხალხი აქედან“, — დასძინა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო 9 წელიწადში საქართველოდან შრომით ემიგრაციაში წავიდა 800 000-მდე თანამოქალაქე, მისი პრეზიდენტობის დროს კი უფრო მეტი ჩამოდიოდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან მიდიოდა.

„საქართველოს ეკონომიკა ჩამოყალიბდა ზუსტად ისეთ ეკონომიკად, როგორიცაა ვენესუელა, როგორიც იყო მოლდოვა აქამდე, ძირითადი მოდელი არის ის, რომ ყველა ადგილობრივი რესურსი ეკუთვნის ერთ ოლიგარქს, ხოლო მოსახლეობა თავს ირჩენს ან მათი ნათესავების გამოგზავნილი ფულით, ან ამ ოლიგარქის მსახურებით. აი, ეს არის საქართველოს ეკონომიკური მოდელი, რომლისგანაც გაჭირვების გარდა სხვა არანაირი პერსპექტივა არ არის და გაქცევის გარდა.

და მე არ შემეძლო უკრაინაში, ჩემს კაბინეტში, რომელიც პრეზიდენტის კაბინეტის თავზეა განლაგებული, საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში, და იქიდან ყურება, როგორ იშლება ნაწილაკებად ჩემი ქვეყანა. და ეს არის კატასტროფა იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს იყო მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება, რომლებსაც მათ სასამართლოსთან შეკრებისკენ თავად სააკაშვილმა მოუწოდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

ფოტოზე: მიხეილ სააკაშვილი. ავტორი: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი