სამართალი

სააკაშვილის უფლებების დაცვა ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა – ჰარცელი

9 ნოემბერი, 2021 • 1234
სააკაშვილის უფლებების დაცვა ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ მან დღეს, 9 ნოემბერს, საიას მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე ისაუბრა.

ელჩის თქმით, სააკაშვილის უფლებების დასაცავად საკვანძოა მისთვის სამართლიანი სასამართლოსა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ადგილობრივ სანდო პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის სახალხო დამცველი. ევროკავშირმა გარკვევით განაცხადა, რომ მისი უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების წარმართვა საკვანძოა და საქართველოს ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა.

ეს უფლებები მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, გამჭვირვალე სამართლებრივი პროცედურებით, შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც მისი პირადი სივრცისა და ღირსების დაცვას ციხეში მისი ყოფნის დროს. საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი ეს უფლებები სრულად დაიცვას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი