ნეტგაზეთი | საქართველოში წარსული დანაშაულობანი აწმყოსაც თან სდევს საქართველოში წარსული დანაშაულობანი აწმყოსაც თან სდევს – Netgazeti
RU | GE  

საქართველოში წარსული დანაშაულობანი აწმყოსაც თან სდევს

კლაუს და იური კილაძემ 70 წელზე მეტი იცადეს იმისთვის, რომ სამართალი ეპოვათ საბჭოთა დიქტატორის სტალინის რეჟიმის დროს მათი ოჯახის რეპრესირების გამო

კლაუს და იური კილაძემ 70 წელზე მეტი იცადეს იმისთვის, რომ სამართალი ეპოვათ საბჭოთა დიქტატორის სტალინის რეჟიმის დროს მათი ოჯახის რეპრესირების გამო

ამ კვირას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველო დამნაშავეა, რადგან უარი უთხრა ორ ძმას ფინანსური კომპენსაციის გადახდაზე და ხელისუფალთ თითოეული მათგანისთვის 4 000 ევროს გადახდა დაავალა.

ეს საეტაპო განაჩენი, რომელიც საქართველოში პირველია ამ სახის გადაწყვეტილებებს შორის, დღის წესრიგში ერთ მწვავე კითხვას აყენებს – ვინ უნდა აგოს პასუხი საბჭოთა ეპოქის დანაშაულებების გამო – რუსეთმა, რომელიც საბჭოთა კავშირის კანონიერი მემკვიდრეა, თუ იმ ადგილობრივი მთავრობების მემკვიდრეებმა, რომლებიც ერთ დროს მოსკოვის განკარგულებებით მოქმედებდნენ.

კლაუს კილაძე იმედოვნებს, რომ მისი გამარჯვება საქართველოში რეპრესიების სხვა მხსვერპლთა წაქეზების მიზეზი გახდება და ისინი თავის ქვეყნისგან კომპენსაციის მოპოვებას შეეცდებიან.

”ჩვენს შორის რეალური მსხვერპლნი, ალბათ აღარ არიან” – ამბობს ის – ”მაგრამ ჯერ ცოცხლები  არიან მათი შვილები და მათ უნდა მიიღონ სარგებელი. მათგან კი ვინც 1937 წლის საზარელ მოვლენებს ემსხვერპლა, დღეს თითქმის აღარავინაა ცოცხალი, ან შესაძლოა ძალიან ცოტა”.

კილაძე ახლა 83 წლისაა. მამამისი სტალინის დიდი ტერორის დროს სიკვდილით დასაჯეს, ხოლო დედა გულაგში გააგზავნეს. თბილისში ოჯახის ბინა და  დანარჩენი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა.

ორივე ძმა ჩამოაცილეს თავის ნათესავებს და კილაძის თქმით რუსეთში უპატრონო ბავშვთა სახლში გაამგზავრეს. ამ სახლს კილაძე როგორც ვიწროს და ჭუჭყიანს ისე აღწერს.

”დედაჩემი, როგორც მოღალატის ოჯახის წევრი ისე დააპატიმრეს და მას 8 წელიწადი მიუსაჯეს. მე 11 წლის ვიყავი, ჩემი ძმა ცხრა წლის” – იხსენებს ის – ”თავიდან თბილისში საბავშვო ცენტრში მიგვიყვანეს, აქ დაახლოებით 20 დღე გავატარეთ. მერე ჩრდილო- კავკასიაში სპეციალურ თავშესაფარში გადაგვიყვანეს. ბებიაჩვენი ძალიან ეცადა და 2 წლის შემდეგ მოახერხა ჩვენი იქიდან წამოყვანა”.

კილაძის დედა გადაურჩა გულაგს და შინ უვნებელი დაბრუნდა. ის და მისი გარდაცვლილი ქმარი 1950-იან წლებში, სტალინის სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულები იყვნენ. 1998 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 7 წლის შემდეგ,  კილაძეები ოფიციალურად აღიარეს რეპრესიების მსხვერპლად.

2005 წელს კლაუსმა და იურიმ რეპრესირებულ პირთა დაცვის საქართველოს 1997 წლის კანონის თანახმად მორალური და ფინანსური ზარალისთვის კომპენსაციის მოპოვება სცადეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ რეგიონში მიიღო მსგავსი კანონები, რათა შეთანხმებულიყვნენ კომუნისტური ეპოქის დანაშაულებებზე, მაგრამ ქართულმა სასამართლომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი, რომელიც დაარეგულირებდა მსხვერპლთათვის გასაცემი თანხის გაანგარიშების პირობებს. სწორედ ამის შემდეგ მიმართეს მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელიც ფრანგულ ქალაქ სტრასბურგში მდებარეობს.

ბევრი, უფრო ბევრი

პიროვნულ დონეზე ძმები კილაძეებისთვის სასამართლო გადაწყვეტილება დიდი ხნის ნანატრ მორალურ და ფინანსურ შვებას წარმოადგენს, მაგრამ განაჩენს პოტენციურად უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს. კილაძეების განაჩენის ფარგლებში, სასამართლომ საქართველოს მთავრობას  შეჩერებული კანონის მიღების დაჩქარება და იმ  ”საკანონმდებლო ვაკუუმის” ამოვსება დაავალა, რომელიც კილაძის მსგავს ასაკოვან დაზარალებულებს ხელს უშლის სიცოცხლეშივე მიიღონ კანონიერი კომპენსაცია.

”მნიშვნელოვანია, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განაჩენში ხაზგასმულია ერთი რამ – მთავრობამ უნდა აამოქმედოს ეს კანონი და შესაბამისად უნდა ჰქონდეს საკმაო ბიუჯეტი და ფინანსები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ამ კანონის ამუშავებას” – ამბობს ფილიპ ლიჩი, ლონდონის ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ევროპული ცენტრის იურისტი, რომელიც დაეხმარა კილაძეებს სტრასბურგში საჩივრის შეტანის პროცესში.

განაჩენმა, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა, საქართველოსთვის შეიძლება  მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდეს – აქ მთავრობის გათვლით 16 000 ადამიანია ისეთი, ვისაც შეუძლია საბჭოთა ეპოქის დანაშაულებების გამო მოითხოვოს კომპენსაცია.

 

სრულად

ამავე თემაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
სალომე ასათიანი, კლერ ბიგი, რადიო "თავისუფლება"