საზოგადოებასამართალი

“ყუთში სამაგიდო სიაში დაფიქსირებულ ხელმოწერებზე სამით მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა” – ISFED უბნის გადათვლას ითხოვს

1 ნოემბერი, 2021 • 1235
“ყუთში სამაგიდო სიაში დაფიქსირებულ ხელმოწერებზე სამით მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა”  – ISFED უბნის გადათვლას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამართლიანი არჩევნები“ ისნის 62-ე საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლას ითხოვს.

ორგანიზაციის დამკვირვებლის განცხადებით, უბანზე საარჩევნო ყუთში სამაგიდო სიებში დაფიქსირებულ ხელმოწერებზე სამით მეტი ბიულეტენი იყო. შესაბამისი საჩივარი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე შესულია.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ უბნის საარჩევნო კომისიის მდივანს, ქეთევან გელაშვილს დაუკავშირდა. გელაშვილის თქმით, რეგისტრატორებს სამაგიდო სიაში ხელმოწერის დაფიქსირება დაავიწყდათ, რის გამოც შესაბამისი ახსნა-განმარტებები დაწერეს:

„რეგისტრატორებს გამორჩათ ხელმოწერების სიაში [დაფიქსირება] და გაცემული აქვთ ბიულეტენი. ხელმოწერები არის გამორჩენილი, თუმცა ამასთან დაკავშირებით დაწერილი აქვთ ახსნა-განმარტებები“, – ამბობს კომისიის მდივანი.

მისი თქმით, აღნიშნულ ბიულეტენებზე დატანილი იყო როგორც რეგისტრატორის ხელმოწერა, ასევე, ბეჭედი და ისინი მხოლოდ სამაგიდო სიაში იყო გამორჩენილი. სიაში ასევე არ ფიქსირდებოდა ამომრჩევლების ხელმოწერაც.

მიუხედავად ამისა, უბნის შემაჯამებელ ოქმში, ბალანსი დასმულია, ოქმს კი ამ დროის მონაცემებით არ ახლავს არც შესწორების ოქმი და არაც ახსნა-განმარტება. „ნეტგაზეთმა“ კომისიის მდივანს ამის შესახებაც ჰკითხა:

“ემატება, ხელმოწერების რაოდენობა რომ ითვლება, ახსნა-განმარტება ემატება და ბალანსი ჯდება“, – ამბობს კომისიის მდივანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი