სამართალი

დაკავება ქურდული ტრადიციების მიმდევრობის ბრალდებით

8 ივლისი, 2010 • 2263
დაკავება ქურდული ტრადიციების მიმდევრობის ბრალდებით

სამართალდამცავებმა, ქურდული ტრადიციების მიმდევრობის ბრალდებით,რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორისაა ფეხბურთელი  გიორგი დემეტრაძე.  საქმეში ფიგურირებს ვახტანგ (ვატო) ყიფიანიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია  თბილისის მთავარი სამმართველოსა და კონტრტერორისტული ცენტრის  თანამშრომლებმა ჩაატარეს.

დაკავებულები არიან დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი.  დაკავების დროს მათგან ამოიღეს  ერთ–ერთი მოქალაქისაგან მიღებული  40 700 აშშ დოლარი, რომელიც  შსს ინფორმაციით, მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით,  ე.წ ”მაზით”  ჰქონდა მოგებული დავით ფეიქრიშვილს.

სამართალდამცავების ცნობით, აღნიშნული თანხის ამოსაღებად უკრაინიდან სატელეფონო საუბრებით ჩაერთო წარსულში ნასამართლევი, ვატო ყიფიანი, რომელიც დაუკავშირდა თბილისში მყოფ დავით გაგნიძეს, გიორგი დემეტრაძეს და კახა მისირელს და მათი საშუალებით,  ქურდული გარჩევებით  ცდილობდა აღნიშნული თანხის ამოღებას და ნაწილის ე.წ.   ,,ქურდულ ობშიაკში”  გადარიცხვას.

ვატო ყიფიანს  მოგებული თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი ამოღებული ჰქონდა  უკრაინაში და ცდილობდა დარჩენილი თანხის, 40 700 აშშ დოლარის გადაცემას დავით ფეიქრიშვილისთვის, რა დროსაც  მოხდა  აღნიშნული პირების დაკავება.

 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ქურდული ტრადიციების მიმდევრობას გულისხმობს.

კახა მისირელის პირადი ჩხრეკისას ამოღბულია ”გლოკის” ტიპის  ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ”მაუზერის”  და  ”იერიხოს” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები,  ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები, ხოლო  დავით გაგნიძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.

რადგან ვახტანგ ყიფიანი ამჟამად  იმყოფება უკრაინაში, სამართალდამცავები მას დაუსწრებლად წარუდგენენ ბრალს ქურდული ტრადიციების მიმდევრობისთვის.

გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის მთავარი სამმართველო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი