სამართალი

ასლან აბაშიძე, ჯემალ გოგიტიძე და “ქელფეთა”

15 მარტი, 2010 • • 3032
ასლან აბაშიძე, ჯემალ გოგიტიძე და “ქელფეთა”

ადვოკატი შალვა შავგულიძე ასლან აბაშიძეს იცავს. მისი ინფორმაციით, აბაშიძეს ბრალი ტერორისტული აქტების მოწყობაში, კერძოდ, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებაში, ასევე `7999~ სახელით ცნობილი უკანონო გასამხედროებული ფორმირების შექმნაში ედება. განახლდა 1991 წელს მომხდარი ფაქტის გამოძიებაც, რომელსაც ნოდარ იმნაძის მკვლელობა ერქვა. მაშინ ამ საქმეზე ძიება აუცილებელი მოგერიების მოტივით შეწყდა.

შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ბრალდების ეს ნაწილი უსაფუძვლოა, რადგან ეს იყო მოგერიების გამო სიცოცხლის ხელყოფა: `ასლან აბაშიძე იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მაშინ, როცა მასთან სამუშაო კაბინეტში იმყოფებოდნენ აჭარის უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანზორ ჯაიანი და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი მურმან ომანიძე, კაბინეტში ნოდარ იმნაძე ნასვამ მდგომარეობაში შევიდა, ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრნენ აბაშიძე და ომანიძე. საპასუხო გასროლების შედეგად, სამწუხაროდ, ნოდარ იმნაძე გარდაიცვალა~.

აღსანიშნავია, რომ ყველა მოწმე, რომელიც სასამართლო სხდომაზე ორი დღის განმავლობაში დაიკითხა, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნებას ითხოვდა, რასაც აბაშიძის ადვოკატი აპროტესტებდა. შალვა შავგულიძის განცხადებით, `ასე ირღვევა სასამართლოს უშუალობისა და ზეპირობის პრინციპი. შესაბამისად, დაირღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილი და 482-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები~.
მიუხედავად ზემოთქმულისა, მოსამართლე როინ კახიძემ მოწმეების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები გამოაქვეყნა.

სასამართლოზე დაზარალებულის სახით გამოცხადდა როინ ჩაუშბა, რომელიც ასლან აბაშიძის მმართველობის დროს `პროქტერ ენდ ქემბელის~ დისტრიბუტორი იყო. დაზარალებულის განცხადებით, `ქელფეთად~ ცნობილი დავით ხალვაში, ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი, დისტრიბუტორებს საქონელს `აწერდა~.
ხალვაშის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი იცავდა, რომელმაც დაზარალებულს ჰკითხა, კონკრეტულად მან რა ზარალი მიიღო და მიმართა თუ არა პოლიციას. ჩაუშბას განცხადებით, პოლიციისთვის მაშინ არ მიუმართავს, რადგან `მითხრეს, რომ იმ დროს ვერაფერს გავხდებოდი~.
დაზარალებულის ინფორმაციით, `ქელფეთას~ ქიბარ ხალვაშის ფირმის მისაკუთრება უნდოდა (საუბარია ფირმა `არტიზე~, რომლის მფლობელიც მაშინ ქიბარ ხალვაში იყო).

დაბა ჩაქვში მცხოვრები, დაზარალებული გივი კეჟერაძე ასლან აბაშიძისგან ხუთი ათასი ლარის კომპენსაციას ითხოვს. საქმის მასალებით, იგი 2004 წლის 21 აგვისტოს, სასტუმრო ოაზისთან მომხადრი აფეთქების შედეგად დაზარალდა; ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო და დროთა განმავლობაში სმენის დაქვეითება დაეწყო. საქმის მიხედვით, კეჟერაძე ზაფხულობით სანაპიროსთან ვაჭრობდა, აფეთქების დროსაც იქვე იმყოფებოდა. კეჟერაძის განცახდებით, აფეთქება აბაშიძემ მოაწყო.
ადვოკატის კითხვაზე, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია დაზარალებულს, მან უპასუხა: `ვინც ჩვენება ჩამომართვა იმან მითხრა, რომ ეს აფეთქება ასლან აბაშიძემ მოაწყო~.  

ჩაქველი დიმიტრი კეკელიძეც, როგორც დაზარალებული ისე დაიკითხა. ის 2004 წლის 21 აგვისტოს, სასტუმრო `ოაზისის~ წინ მომხდარ აფეთქებაში მოყვა, რომლის დროსაც `უაზის~ ტიპის ავტომობილში მსხდომნი დაზარალდნენ, სწორედ ამ ავტომობილში იყო კეკელიძე მეგობრებთან ერთად: `გონს რომ მოვედი, ზოგს ფეხი არ ჰქონდა, ზოგს თვალი; ყველანი საავადმყოფოში გადაგვიყვანეს~.
როგორც დაზარალებულმა სასამართლოზე თქვა, `ჭორის დონეზე~ იცის, რომ ვარდების რევოლუციამდე ზღვისპირა ზოლი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით აბაშიძის გარემოცვამ დანაღმა.

აბაშიძის პირადი დაცვის წევრი ლევან ფაღავა, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა. განსასჯელი დავით ხალვაში მისი მამიდაშვილია. ფაღავა 1998 წლიდან `ობეერის~ მეთაური იყო. როგორც მან წინასწარი გამოძიებისას თქვა, 2004 წელს ჩოლოქზე, შეიარაღებული ძალების გაგზავნა მას ჯემალ გოგიტიძემ უბრძანა. მისივე თქმით, არ იცის ვინ ააფეთქა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები. წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში, ლევან ფაღავა უზენაეს საბჭოში ჩატარებულ თათბირზეც საუბრობს. `აჭარის მაშინდელი მეთაური აღშფოთებული იყო სააკაშვილის საქციელით და პირადად მითხრა, რომ ჩოლოქი და ქაქუთი უნდა გამაგრებულიყო~.

ლევან ფაღავას ინფორმაციით, თათბირს, რომელიც 20-25 წუთი გაგრძელდა, შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე, გენერალი რომან დუმბაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.

ყველა დაზარალებულის და მოწმის ჩვენება მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა, მათ შორის ლევან ფაღავასიც. სასამართლო პროცესზე პროკურორმა და ადვოკატებმა რამდენიმე კითხვა ფაღავას მაინც დაუსვეს. მან განაცხადა, რომ ხიდების ასაფეთქებელი `პულტი~ პაატა ანანიძეს ჰქონდა (ფაღავას თქმით, რევოლუციამდე  ავტოავარიის დროს მიღებული ტრავმების გამო, მას პაატა ანანიძე ჩაანაცვლეს). შალვა შავგულიძის კითხვაზე, ვინ დანაღმა ხიდები, ფაღავამ განაცხადა: `პირველადი დანაღმვა ვინ განახორციელა, ჩემთვის უცნობია, მე მხოლოდ დანაღმვა განვაახლე~. ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა, მოწმის განსხვავებული ვერსია ოქმში დაეფიქსირებინა. წინასწარ გამოძიებაში იგი ამბობდა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, ვინ ააფეთქა ხიდები, სასამართლოში კი განაცხადა, რომ ასაფეთქებელი პულტი პაატა ანანიძეს ჰქონდა.

 ლევან ფაღავას მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული; იგი საპროცესო შეთანხმების საფუძველზეა გათავისუფლებული.

ნოდარ ჯიჯავაძე, რომელსაც აბაშიძის დროს უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხეს. მან განაცხადა, რომ ყველა ბრალდებულთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და  მოსამართლეს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნება სთხოვა. ეს უკანასკნელიც პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმებითაა გათავისუფლებული.

მოწმედ გამოცხადდა მალხაზ ცინცაძე, რომელიც ანტიტერორისტულ  ბატალიონში 2002 წლიდან შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში უფროსის მოადგილე იყო. მისი განცხადებით, აბაშიძის შეიარაღებულ ძალებს რუსი გენერალი იური ნეტკაჩოვი ხელმძღვანელობდა. პირადად მიიღო რამდენიმე ჯავშანჟილეტი, საბრძოლო სასაზღვრო მანქანები, ნიღბები, ხელბორკილები. ზუსტი დეტალები კი, საიდან შემოდიოდა ტექნიკა, მისთვის უცნობია. ადვოკატის კითხვას, რისთვის მიიღეს ეს ნიღბები, ცინცაძემ უპასუხა _ თავდაცვისთვის. კითხვას, თუ ვისგან უნდა დაეცვათ თავი, რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ გასცა პასუხი: `მეზობელი ქვეყნებისგან, თურქეთისა და ირანისგან~.

საქმის პროკურორი რამაზ შავაძეა. სასამართლო პროცესი 2 თებერვალს გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი