სამართალი

საქალაქო სასამართლო პირდაპირ ეთერში მოსამართლე ურთმელიძეზე მუქარასა და ზეწოლას გმობს

1 ოქტომბერი, 2015 •
საქალაქო სასამართლო პირდაპირ ეთერში მოსამართლე ურთმელიძეზე მუქარასა და ზეწოლას გმობს

“თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს პირდაპირ ეთერში მოსამართლის მიმართ გაჟღერებულ მუქარისა და ზეწოლის შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად,”– ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ დააყადაღა “ტელეკომპანია საქართველოს” 100%–იანი წილი. 

 

ტელეკომპანია “საქართველოს” 100%–ს რუსთავი 2–ის მეწილეები, ყარამანიშვილები ფლობენ. თავის მხრივ, “საქართველო” “რუსთავი 2–ის” 51%-ს ფლობს. რეესტრში დარეგისტრირებული ხელშეკრულების თანახმად, ტელეკომპანია “საქართველო” უნდა გაყიდულიყო დიმიტრი ჩიქოვანზე, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა. ტელეკომპანია უნდა გასხვისებულიყო 400 000 დოლარად, თუმცა განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ მყიდველს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის 6 მილიონი აშშ დოლარი გრაფიკით უნდა ჩაერიცხა. 

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დახურვის მცდელობად შეაფასა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ “რუსთავი 2”, ფაქტობრივად, დახურა. გვარამიამ გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეს, თამაზ ურთმელიძეს “ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლე” უწოდა და განაცხადა, რომ ის საქართველოში თავშესაფარს ვერასდროს ვერ იპოვის, რადგანაც ქვეყანაში თავისუფალ სიტყვასა და დემოკრატიას ღუპავს. 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, “რუსთავი 2’–ის საქმეზე მხარეებს შორის დავის საგანს ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.

 

სასამართლოს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2015 წლის 2 ოქტომბერს, 12 საათზე გაიმართება. მათივე განცხადებით, სასამართლოს დასაბუთებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოპასუხე მხარეს ჯერ არ ჩაბარებია, განჩინების გასაჩივრების ვადები ძალაშია და არ არის ამოწურული სამართლებრივი მექანიზმები. 

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

გარდა ამისა, სასამართლო განცხადებაში საუბარია მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც:

 

“მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განცხადებით, რომელიც საქმის წარმოების წესის თანახმად, საქმის განხმხილველმა მოსამართლემ განიხილა. 2015 წლის 30 სექტემბერის განჩინებით, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა. კერძოდ, ყადაღა დაედო შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” პარტნიორების წილებს: ლევან ყარამანიშვილის 60% წილსა და გიორგი ყარამანიშვილის 40% წილს; შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებსა და პარტნიორებს: ლევან და გიორგი ყარამანიშვილებს დავის საბოლოო დასრულებამდე აეკრძალათ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა; საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; საწარმოს სახელწოდების შეცვლა; საწარმოს სამართლებრივი ფორმის შეცვლა; საწარმოს გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) ან მათი წარმომადგენლებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა.

სასამართლოს განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და ნინო ნიჟარაძის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ ყადაღის დადება არ ნიშნავს სარჩელის დაკმაყოფილებას. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში დანერგილია განვითარებული ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკის გათვალისწინებით. მსგავსი შინაარის განცხადებებს სასამართლო განიხილავს ყოველდღიურად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იხილება მისი შემოტანიდან 1 დღის ვადაში, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია ქონების მოსალოდნელი გასხვისების თავიდან აცილება, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება. სწორედ ამიტომ, კანონი ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს მოპასუხისთვის შეუტყობინებლად. სარჩელის უზრუნელყოფის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ დავის მატერიალური ობიექტის შენარჩუნების გზით სასამართლო გადაწყვეტილება მომავალში აღსრულებადი გახდეს.

სასამართლოს განჩინება, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში,”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი