მაია კეკელია ყვება, რომ 2014 წლის 16 ოქტომბერს მასთან მივიდა ბიძაშვილი ინეზა კეკელია და უთხრა, რომ ბიჭებს, რომელთა შორისაც მისი დისშვილი, თემურ გაბუნიაც იყო, უბედურება შეემთხვათ და პოლიციის განყოფილებაში გაყოლა თხოვა. მოგვიანებით, როგორც კეკელია ამბობს, გაირკვა, რომ გაბუნია ნარკოშემოწმების მიზნით ჰყავდათ გადაყვანილი განყოფილებაში. სოფლის მუნიციპალურ შენობასთან, მისი თქმით, პოლიციელები იგინებოდნენ და ციხეში ჩასმით ემუქრებოდნენ. კეკელია ამბობს, რომ ძალიან ნერვიულობდა და გონება დაკარგა, პოლიციელებმა კი თემური თავად მოუყვანეს, რომ მოესულიერებინა. ამის შემდეგ ჩასვეს თანასოფლელის ავტომობილში და სახლში მიჰყავდათ, თუმცა 100–იოდე მეტრში, კეკელიას განცხადებით, ავტომობილს საწვავი გაუთავდა, ამასობაში გონზე მოვიდა და დაინახა ხელბორკილებიანი თემურ გაბუნია, რომელიც, მისი ინფორმაციით, მანქანას გამოჰყვა.
როგორც კეკელია ყვება, ამის შემდეგ ისევ დაბრუნდა პოლიციის შენობაში, რათა გაერკვია, რა ხდებოდა, რადგან ამ დრომდე არ იცოდა გაბუნიას დაკავების მიზეზი. გაბუნია კეკელიასთან ერთად პოლიციის შენობაში არ დაბრუნებულა. იქ მისვლისას, როგორც კეკელია ამბობს, შენობის ფოიეში დაინახა მამაკაცი, რომელიც ვიღაცას ცემდა და ემუქრებიდა. კეკელიას თქმით, მამაკაცს პოლიციელის ფორმა არ ეცვა და შემდგომ გაიგო, რომ ის პოლიციელი ალექსანდრე გაგუა იყო. როგორც კეკელია იხსენებს, გაშველების მიზნით გაგუას “როლინგზე” მოქაჩა, ის კი მოუტრიალდა და თავში ხელი ჩაარტყა.
ის ამბობს, რომ გაგუას ალკოჰოლის სუნი ჰქონდა და ეტყობოდა კიდეც, რომ ნასვამი იყო. მოგვიანებით კეკელია იხსენებს, რომ მას სწორედ გაგუაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი.
ამის შემდეგ მას პოლიციელმა უთხრა, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. კეკელია ამბობს, რომ პოლიციის შენობაში რამდენჯერმე გახდა ცუდად, პოლიციელებს თხოვდა, რომ ოთახში ფანჯარა გაეღოთ, თუმცა – უშედეგოდ.
ამის შემდეგ კეკელია ყვება, რომ შეუტანეს ადმინისტრაციული (166-ე მუხლით) დაკავების ოქმი, რასაც ხელი არ მოაწერა.
მაია კეკელია ამბობს, რომ შემდეგ პოლიციის შენობაში მარტვილის პოლიციის თანამშრომელი კახა ძიძიგური მივიდა და ყველაფერი ამის შემდეგ შეიცვალა. მისი თქმით, ძიძიგურსა და მის ბიძაშვილს, ინეზა კეკელიას შორის წარსულში უთანხმოება არსებობდა, ამიტომაც ძიძიგურმა ეს სიტუაცია მათზე შურის საძიებლად გამოიყენა.
როგორც კეკელია ამბობს, სწორედ ძიძიგურის დაჟინებით, მას და მის თანმხლებ პირებს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლით წაუყენეს ბრალი. ეს მუხლი პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას ითვალისწინებს.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული. ესენი არიან მაია კეკელია, ინეზა კეკელია, გოგიტა კეკელია, ცოტნე გაბუნია, ბოჩია ასაბაშვილი, ვაგნერ წულაია, შალვა პატარაია. აქედან ყველას ერთი და იგივე, 3531 მუხლის პირველი ნაწილი აქვს შეფარდებული. სასამართლომ გირაოს საფუძველზე მხოლოდ 2 მათგანი, მაია და ინეზა კეკელიები გაათავისუფლა, დანარჩენ ბრალდებულებს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თემურ გაბუნია დაკავებულთა შორის არ არის.
“სიმბოლურად ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არ დაკისრებია. ის მართლა გაიპარა იმ საღამოს იმ სიტუაციიდან,”- ამბობს მაია კეკელია.
ასევე, კეკელია იხსენებს, რომ როდესაც ბანძის პოლიციიდან ზუგდიდის იზოლატორში გადაიყვანეს, ითხოვდა, რომ პოლიციელებისთვის ალკოტესტი ჩაეტარებინათ:
“ვთხოვე ზუგდიდის წინასწარი პატიმრობის იზოლატორის უფროსს, მე მასთან საუბრის ფარული ჩანაწერიც გადავეცი პროკურატურას, სადაც ეს ადამიანი ამბობს, რომ მან ჩემი ჩივილი გადასცა გამომძიებელს და პროკურორს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ მიჩნიეს საჭიროდ, რომ ჩაეტარებინათ პოლიციელებისთვის ალკოტესტი,” – ამბობს კეკელია.
კეკელიას კიდევ ერთი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მისი თქმით, გამომძიებელ გრიგოლ თოფურიას საქმის დეტალებთან დაკავშირებით არ დაუკითხავს. კეკელია აცხადებს, რომ გამომძებელმა გააყალბა ნივთმტკიცებები, რათა ეს საქმე “შეეკერათ”. გარდა ამისა, კეკელიას თქმით, მან არაერთხელ უჩივლა თოფურიას, თუმცა მის საჩივრებს განსახილველად კვლავ თოფურიას უბრუნდებდნენ.
კეკელია ამბობს, რომ ზემდგომ ორგანოებში 50–ზე მეტი წერილი გაზავნა.
“ძირითადად ეს წერილები ეხება იმ პრობლემებს, რაც მქონდა ზუგდიდის წინასწარი პატიმრობის იზოლატორთან დაკავშირებით, გამომძიებელთან დაკავშირებით, პროკურორთან დაკავშირებით. მე არც ერთ წერილში არ მიცდია თავის მართლება. უბრალოდ, ამ გამოძიების პირველი დღიდან მოვითხოვ გამოძიების სამართლიან ჩატარებას,”- ამბობს იგი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ის განცხადებები, რაც მაია კეკელიამ გენერალურ ინსპექციაში გაგზავნა, ზუგდიდის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი ამბობენ, რომ სანამ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა არ დასრულდება, საქმეში არსებულ დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატს, აქ “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ კეკელიას განცხადებასთან დაკავშირებით მათ მიმართეს პროკურატურას, საიდანაც მიიღეს წერილი, რომ კეკელიას განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ დასტურდებოდა.
მაია კეკელია ამბობს, რომ ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა:
“მე ზუსტად ვიცი, რომ არაფერი არ დამიშავებია და საპროცესო გარიგებაზე არ წავალ,”- უთხრა მან “ნეტგაზეთს”.
ამ საქმეზე მომდევნო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 9 ივნისს არის ჩანიშნული.