სამართალი

ნიკოლოზ ნატროშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

17 მარტი, 2015 •
ნიკოლოზ ნატროშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საქმე ეხება 2014 წლის 21 ივნისს ქ. თბილისში, დაბა კიკეთში პაატა გოშაძესა და ნიკოლოზ ნატროშვილს შორის ვალის დაბრუნების თაობაზე მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას, რომელიც შემდგომ ჩხუბში გადაიზარდა. 


სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ განაწყენებული პაატა გოშაძე, შურისძიების მოტივით, მოგვიანებით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული  ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა დაბა კიკეთში და თეიმურაზ აფციაურის თანდასწრებით განახორციელა რამდენიმე გასროლა  ნიკოლოზ ნატროშვილის მიმართულებით. დაზარალებულ ნიკოლოზ ნატროშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიადგა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


პაატა გოშაძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. თეიმურაზ აფციაურს კი ბრალი დაედო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.


სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას თეიმურაზ აფციაური სრულად დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას, ხოლო  პაატა გოშაძემ  წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ.


“თუმცა  შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და  საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღებული მასრებით, ჩატარებული სამედიცინო, ბალისტიკური, ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა”, – აცხადებენ სასამართლოში.


პაატა გოშაძეს, შთანთქმის პრინციპის თანახმად, საბოლოოდ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თეიმურაზ აფციაურს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 


აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 8 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 9 მოწმე, მათ შორის, თავად ბრალდებულები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი