სამართალი

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესიდან

6 იანვარი, 2015 • 1470
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესიდან

 

მოწმე სანიტარმა სასამართლოში შემდეგი განაცხადა: „მე მუშაობა ჩავატარე… გვამის ტანსაცმლის გახდა, გვამის გაკვეთა… დავალებებს ვღებულობდი, ვინც იქ იყვნენ ექსპერტები, ლევან ჩაჩუაც იქ იყო… ბალზამირება გავუკეთე იმისთვის, რომ არ გაფუჭებულიყო მიცვალებული“.

 

ზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია

მოწმემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ბალზამირების დავალება უშუალოდ ლევან ჩაჩუასგან მიიღო.

 

ბრალდების მხარე სადავოდ სწორედ ბალზამირების ვადებს ხდის, რადგან ბრალდებას მიაჩნია, რომ ბალზამირება მალე არ უნდა მომხდარიყო, თუ არსებობდა ერთგვარი ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანია გაზით იყო გაგუდული.

 

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სახელმწიფო ბრალმდებელმა, პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა: „დაიკითხა ერთ-ერთი სანიტარი არჩილ ჭიკაძე, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ არც შესაბამისი განათლება, არც შესაბამისი ცოდნა, არც ვალდებულება არ ჰქონდა, რომ დაეთვალიერებინა გვამები, დაეფიქსირებინა საეჭვო უბნები და განესაზღვრა, ესა თუ ის უბანი იყო თუ არა დაზიანება. მან განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებული ჩაჩუას მოვალეობა და მისი პრეროგატივა. მოწმემ განმარტა, რომ მან შეასრულა მხოლოდ ტექნიკური სახის მანიპულაციები. ექსპერტებმა განმარტეს, რომ ასეთ შემთხვევებში ბალზამირების გაკეთება არის დაუშვებელი. და სანიტარმა განმარტა, რომ უშუალოდ ბრალდებულ ლევან ჩაჩუას დავალებით მან ზურაბ ჟვანიას გვამს ჩაუტარა ბალზამირება“.

 

ჩაჩუას დაცვის მხარე ამ პოზიციას არ იზიარებს. დაცვამ ასევე განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიასთან ერთად მყოფ რაულ უსუპოვის ცხედარზე აღმოჩენილი ნაჭდევები იყო არა მექანიკური ჩარევის, არამედ ბალზამირების შედეგი.

 

ზურაბ ტაბიძე, ლევან ჩაჩუას ადვოკატი: „გამორიცხულია, რომ ბრალდების მხარის სასარგებლოდ რაიმე ეთქვა დუმბაძეს, ან თავად ლომთაძეს ან კიდევ, ფაქტობრივად, იმ სანიტარს. ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ის ორი ნაჩხვლეტი იყო ბალზამიდან გამომდინარე, კახა ერისთავის ნათქვამი არ დადასტურდა, რომ იყო შემკვრივებული უბანი და ფაქტობრივად ჰაკიმ ფაშას მიერ ამოღებული ფოტომასალა არანაირად არ შეიძლება იყოს კანონიერი“.

 

ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი 9 იანვარს განახლდება. მომდევნო პროცესიც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი