ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული როგორც წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე, ასევე უსაფრთხოებასა და პატიმრობის პირობებზე.
ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფს ვიზიტის დროს ჩატარებული ინტერვიუების შედეგად დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმართა მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.
თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები N8 დაწესებულებაში თავად გახდნენ თვითმხილველები, როგორ იწვა ორი პატიმარი სველი ტანსაცმლით იატაკზე, ერთ-ერთს ხელ-ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული და ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. 2014 წლის 1 იანვრიდან 28 ნოემბრამდე კი საქართველოს სახალხო დამცველმა N8 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურორს 9 შემთხვევაში მიმართა.
ანგარიშის მიხედვით, ძირითად საცხოვრებელ საკნებში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საქართველოს პატიმრობის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს; არადამაკმაყოფილებელია არასრულწლოვან ბრალდებულთა პატიმრობის პირობებიც.
“N8 დაწესებულების საცხოვრებელ საკნებში ფუნქციონირებს ხელოვნური სავენტილაციო სისტემა, თუმცა სისტემა ვერ უზრუნველყოფს სათანადო ვენტილაციას. დაწესებულების კორპუსების ბოლო სართულებზე არსებულ საკნებში სახურავიდან ჩამოდის წყალი. ჭერი და კედლები ნესტიანია და ბათქაში ჩამოცვენილი,“– წერია ანგარიშში.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში საშხაპე ოთახებსა და სასეირნო ეზოებში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი.
ანგარიშში წერია, რომ საშხაპე ოთახებში დაზიანებულია მეტლახი, ონკანი და ხელსაბანი ნიჟარა გასახდელ ოთახებში არ ფუნქციონირებს. საშხაპე ოთახებში არ არის დამონტაჟებული საპნის და სხვა ჰიგიენური ნივთების დასადები თაროები, გასახდელი ოთახების უმეტეს ნაწილში არ არის სკამი. სასეირნო ეზოებში კი, ანგარიშის მიხედვით, დამთრგუნველი გარემოა.
“სასეირნო ეზოები საკანს წააგავს, რომელსაც ზემოდან გადაფარებული აქვს მეტალის ბადე. სასეირნო ეზოებში არ არის შესაბამისი ინვენტარი და დამთრგუნველი გარემოა. პატიმრებს არ აქვთ სათანადო ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა“.
რაც შეეხება საკვებს, ანგარიშის მიხედვით, საკვების ხარისხთან დაკავშირებით, პატიმრებს რაიმე სახის არსებითი პრეტენზიები არ გამოუთქვამთ; თუმცა საკვების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელთა საჭიროებები, რის გამოც ისინი ხშირად უარს აცხადებენ შეთავაზებული საკვების მიღებაზე.
როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში წერია, პეტიმრები უკმაყოფილოები არიან დაწესებულების მაღაზიაში არსებული პროდუქციის სიმწირით. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ შესაძლებლობა დამატებით შეიძინონ საკვები პროდუქტი. ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ადგილზე გადაამოწმეს მაღაზიაში არსებული პროდუქციის მრავალფეროვნება და აღმოჩნდა, რომ დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება არ ხდებოდა.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის ერთ ექიმზე მოდის 300 პატიმრამდე, ზოგიერთი პატიმარი უთითებს პირველადი ჯანდაცვის ექიმთან კონსულტაციის დაყოვნებაზე.
“აშკარად არასაკმარისია ექთნების რაოდენობა, დღის ცვლის ერთ ექთანზე მოდის 300 პატიმრამდე, ხოლო ღამის ცვლის ერთ ექთანზე – 430 პატიმრამდე,”– წერია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ზემოაღნიშნული ფაქტები უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ამდენად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა ზომა ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად.
საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ვიზიტი 2014 წლის 27-28 ნოემბერს განახორციელა. ანგარიშის მიხედვით, ჯგუფის ვიზიტის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 2998 პატიმარი (1247 ბრალდებული და 1751 მსჯავრდებული), მათ შორის, 25 არასრულწლოვანი ბრალდებული.